იტალიის სერია A-ში დაუმარცხებელი მხოლოდ „ნაპოლი“ დარჩა, რადგან მე-13 ტურში „მილანმა“, რომელსაც ასევე არ ჰქონდა წაგება, ფლორენციის „ფიორენტინასთან“ მარცხი განიცადა.
„როსონერიმ“ „არტემიო ფრანკიზე“ ბოლომდე იბრძოლა და ერთი შეხედვით უიმედო მატჩის გადარჩენის შანსიც გააჩინა, მაგრამ საბოლოოდ უქულოდ დარჩა. პირველ ტაიმში "ფიორენტინა" დანკანისა და რიკარდო საპონარას გოლებით 2:0 დაწინაურდა, ხოლო მე-60 წუთზე დუშან ვლაჰოვიჩმა მილანელთა კარში მესამე გოლი გაიტანა - 3:0. თითქოს აქ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მოედანზე იმყოფებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც 62-ე და 67-ე წუთებზე დუბლი შეასრულა და ერთი შეხვედრით განწირულ ვითარებაში მყოფი „მილანი“ თამაშში დააბრუნა. თუმცა, მარტო ზლატანმა გაზაფხული ვერ მოიყვანა, რადგან 85-ე წუთზე ტეო ერნანდესმა ბურთი საჯარიმოსთან დაკარგა და ვლაჰოვიჩმა დუბლი შეასრულა. იბრა მაინც შეუჩერებელი იყო, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე მისი დარტყმა ძელს მოხვდა და იქიდან ასხლეტილი ბურთი ლორენცო ვენუტის ავტოგოლით დასრულდა.
თუმცა, როგორც ვთქვით, იბრაჰიმოვიჩმა „მილანს“ ვერ უშველა, რადგან სტეფანო პიოლის გუნდმა დაცვაში ძალიან ცუდად ითამაშა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა - 3:4. „ნაპოლის“ მე-13 ტურში იოლი გასეირნება არ ელოდება, მილანში „ინტერს“ ესტუმრება, მანამდე კი 32-32 ქულით ნეაპოლელები და მილანელები ლიდერობას იყოფენ.
ტურინის „იუვენტუსი“ რომში „ლაციოს“ ესტუმრა. საინტერესო იყო მაურიციო სარისა და მაქს ალეგრის დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება ამ უკანასკნელს დარჩა. „იუვეს“ ლეონარდო ბონუჩის დუბლმა მოაგებინა, რომელმაც გოლები პენალტებით გაიტანა. იტალიელმა მცველმა კარიერაში პირველად შეასრულა დუბლი და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოაპოვებინა. უნდა აღინიშნოს, რომ „ლაციომ“ მეტოქის კართან რეალური საგოლე მომენტიც ვერ შექმნა და ტურინელებმა დამსახურებულად მოიგეს.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 21 ქულა დააგროვა და „ლაციოს“ გაუთანაბრდა, ხოლო მომდევნო ტურში „ატალანტას“ შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ მე-13 ტურში შინ „სპეცია“ ძალიან ადვილად, 5:2 დაამარცხა.
„ატალანტა“ – „სპეცია“ 5:2 (3:1)
გოლები: 0:1 ნზოლა (11), 1:1 პაშალიჩი (18), 2:1 ძაპატა (38, პენ), 3:1 პაშალიჩი (41), 4:1 მურიელი (83), 5:1 მალინოვსკი (89), 5:2 ნზოლა (90)
„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბონუჩი (23, პენ), 0:2 ბონუჩი (83, პენ)
„ფიორენტინა“ – „მილანი“ 4:3 (2:0)
გოლები: 1:0 დანკანი (15), 2:0 საპონარა (45), 3:0 ვლაჰოვიჩი (60), 3:1 იბრაჰიმოვიჩი (62), 3:2 იბრაჰიმოვიჩი (67), 4:2 ვლაჰოვიჩი (85), 4:3 ვენუტი (90, ა.გ)