მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ლუის ჰამილტონმა ყატარის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო და კვირის რბოლას პოულ პოზიციიდან დაიწყებს. მეორე ადგილს დასჯერდა ჩემპიონატის ლიდერი მაქს ფერსტაპენი, ვინც პოულს თითქმის ნახევარი წამით ჩამორჩა. ჰამილტონის თანაგუნდელი ვალტერი ბოტასი ამჯერად მესამე დროს დასჯერდა.
მოქმედმა ჩემპიონმა პირველმა შეასრულა ბოლო სწრაფი წრე და ერთადერთმა შეძლო მისი წუთსა და 21 წამზე ნაკლებში გავლა. ჰამილტონის უპირატესობაზე ის გარემოებაც მეტყველებს, რომ მას ყველა სექტორში საუკეთესო დრო აქვს. საბოლოოდ, მან კარიერაში 102-ე პოულ პოზიცია მოიპოვა.
ტიტულის ორ მოცილეს შორის სხვაობა - 0.455 წამი, მიმდინარე სეზონში ყველაზე დიდია, რაც მშრალ ტრასაზე დაფიქსირებულა. და ეს შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ჰამილტონს რბოლაშიც უპირატესობა ექნება. მითუმეტეს, ფერსტაპენმა დაიჩივლა, რომ მანქანას სიჩქარე არ ჰყოფნის. და ამის პარალელურად, მისმა თანაგუნდელმა სერხიო პერესმა ათეულში შესვლაც ვერ შეძლო.
ჰამილტონმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს და ხუთშაბათს მუცლის ტკივილი ჰქონდა და რბოლების წინ, შუაღამემდე ინჟინრებთან უწევდა მუშაობა. თუმცა კვალიფიკაციის წინ, ტკივილმაც გაუარა და კარგადაც გამოიძინა.
შესანიშნავად იასპარეზეს პიერ გასლიმ და ფერნანდო ალონსო, რომლებმაც შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს. არადა, გასლის ჯერ კერბზე გავლისას, წინა ფრთა დაუზიანდა, მერე კი, ბოლო სწრაფი წრის დასრულებამდე, ბორბალი გაუსკდა, რის გამოც, სესიის მიწურულს, რბოლა ყვითელი ალმების რეჟიმში გადავიდა.
ყატარის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'20.827
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 0.455
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.651
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.813
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.843
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.904
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 1.013
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.054
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.201
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.958
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 1.519
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.633
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.636
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.770
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1.929
- კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.329
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.386
- ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.435
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.580
- ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 5.032