ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად გია ცეცაძე დაინიშნა. ინფორმაცია იმერული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა.
47 წლის სპეციალისტი ბოლოს „სამტრედიაში“ მუშაობდა და კახა ჩხეტიანი შეცვალა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.
„ძალიან გახარებული ვარ. ასეთ ტიტულოვან გუნდში ჩემის 22-წლიან კარიერაში არ მიმუშავია. მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ მომცეს შესაძლებლობა საქართველოში ერთ-ერთ ტიტულოვან გუნდს ვუხელმძღვანელო. მომდევნო სეზონიდან უმაღლესი მიზნები გვექნება. გეგმებზე საუბარს დიდი დრო უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, იმ შედეგზე გავალთ რაღაც პერიოდის შემდეგ, რაც გვაქვს დაგეგმილი. უბრალოდ, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ შედეგობრივად, რაშიც არ უნდა ვიყოთ და ვეცდებით, რომ ახალ სეზონს დამშვიდებულად შევხვდეთ“, - თქვა ცეცაძემ.
შეგახსენებთ, რომ გია ცეცაძე გორის „დილას“, „ლოკომოტივის“, „საბურთალოსა“ და „სამტრედიას“ თავკაცი იყო. სწორედ იმერულ გუნდს 2016 წელს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მან ასევე იმუშავა „ლვოვში“, საქართველოს 16, 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში.
ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს ჩემპიონატში 33 ქულით მერვე ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ცეცაძის დებიუტი კი მისი ყოფილი გუნდის, „სამტრედიას“ წინააღმდეგ შედგება.