იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ დღევანდელი ინგლისის პრემიერლიგა და იმ პერიოდის სერია A შეადარა, რომელშიც თვითონ თამაშობდა. ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს ეჭვი არ ეპარება, რომ მაშინდელი სერია A უკეთესი იყო, ვიდრე ახლანდელი პრემიერლიგა.
„ის სერია A საუკეთესო იყო. თითოეულ გუნდს ჰყავდა ტოპფეხბურთელები, იყო 7-8 კლუბი, რომლებშიც მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები თამაშობდნენ. მაშინაც კი, როცა ე.წ პატარა კლუბების წინააღმდეგ ვთამაშობდით, იქაც იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ ეროვნულ ნაკრებებში თამაშობდნენ. დღეს პრემიერლიგაში არიან ელიტარული ფეხბურთელები და შესანიშნავი მწვრთნელები, მაგრამ ხარისხის თვალსაზრისით ძველი სერია A აჯობებდა“, - თქვა კანავარომ.
შეგახსენებთ, ფაბიო კანავარო კარიერის განმავლობაში „ნაპოლის“, „პარმას“, „ინტერის“, „იუვენტუსის“, „რეალისა“ და „ალ-აჰლის“ ღირსებას იცავდა. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ 2006 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა მწვრთნელობა დაიწყო და „გუანჟოუს“, „ალ-ნასრსს“, „ტიანჯინს“ და ჩინეთის ნაკრებს წვრთნიდა.