უკრაინული „მეტალისტი 1925“-ის ქართველმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ უკრაინულ მედიას ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ იური სიომინი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთანაც უმუშავია, მაგრამ ასევე ისაუბრა „ლესტერში“ ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ.
„მოლაპარაკებები „ლესტერთან“ ნამდვილად მიმდინარეობდა. „ლოკომოტივში“ გიჟური სეზონი მქონდა. რუსეთის ჩემპიონები გავხდით 29 მატჩი შეუცვლელად ვითამაშე, ნაკრებშიც მუდმივად ვთამაშობდი. რატომ არ შედგა? საბოლოო შეთავაზება მათ არ გაუკეთებიათ და ყველაფერი მოლაპარაკებების ეტაპზე დასრულდა, თუმცა მიზეზი არ ვიცი.
სიომინი ჩემს კარიერაში ყველაზე ძლიერი მწვრთნელია. როგორც ადამიანი, როგორც მწვრთნელი - ტოპია. კარგი ფსიქოლოგი. მისი დიდი პლუსი ის არის, რომ ადამიანს გრძნობს. ის ყველას ერთნაირად არ ექცევა, იცის, როგორ მოძებნოს ინდივიდუალური მიდგომა ყველას მიმართ. ვის შეიძლება ჩაეხუტოს და ვის - არა. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ სუბიექტური ვარ, რადგან „ლოკომოტივში“ მასთან ერთად კარგად ვითამაშე, მაგრამ მე იმას ვამბობ, რაც სინამდვილეშია. სიომინის ვარჯიშებზე ყოველთვის სიამოვნებით მივდიოდი - მისგან ვისწავლე პროცესისადმი დამოკიდებულება, ფეხბურთელებთან ურთიერთობა.
სამი საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთანაც მითამაშია? 100%-ით ჯეფერსონ ფარფანი, ვედრან ჩორლუკა და გჟეგოჟ კრიხოვიაკი.
უკრაინაში ორი გუნდია, რომლებიც დანარჩენებზე მაღლა დგანან. სხვა კლუბები, პლუს-მინუს დაახლოებით ერთი დონისაა. ყველას შეუძლია ერთმანეთისთვის ქულების წართმევა. ჩემპიონატი არაპროგნოზირებადი და საინტერესოა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში აშკარა ფავორიტი არ არსებობს. რუსეთში ამ მხრივ, უფრო პროგნოზირებადია ყველაფერი. ექვსი გუნდია, რომლებიც ყოველთვის ექვსეულში მოსახვედრად იბრძვიან. უკრაინაში კი „შახტარისა“ და „დინამოს“ გარდა, ნებისმიერ გუნდს შეუძლია მესამე ადგილისთვის ბრძოლა.
კიევის „დინამოსთან“ 18 წლის ასაკში ვითამაშე, მშვენიერი დრო იყო. ჯერ კიდევ ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი და ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი მქონდა. ისე მოხდა, რომ „დინამოსთან“ მატჩამდე ხუთი დღით ადრე ორი ცენტრალური მცველი, სეზარ ნავასი და სალვატორე ბოკეტი დაშავდნენ. მხოლოდ შარონოვი იყო ჯანმრთელი. პირველ გუნდში ვარჯიშზე წამიყვანეს, როგორც ჩანს, თავი ნორმალურად წარმოვაჩინე და კიევში წამიყვანეს, განაცხადშიც შემიყვანეს და მიხაროდა - ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს სტადიონზე მოვისმენდი. მატჩის წინა დღეს გავიგე, რომ უნდა მეთამაშა, თვით შევჩენკოს წინააღმდეგ, რომელიც ჩემი კერპი იყო. „მილანის“ თამაშებს ყოველთვის ვუყურებდი, რადგან იქ კალაძე თამაშობდა, კიევის „დინამოს“ კი მაშინ სიომინი წვრთნიდა. ამ გრძნობებს სიტყვებით ვერ გადმოვცემ, 2:0 მოიგეთ და 90 წუთი ვითამაშე. შემდეგ ყაზანში 2:1 ვიმარჯვეთ, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე მაინც ვერ გავედით, რადგან შემდეგ „ლიონთან“ წავაგეთ“, - თქვა კვირკველიამ, რომელმაც მაშინ კიეველებისა და „ლიონის“ წინააღმდეგ ოთხივე მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ სოლომონ კვირკველია „მეტალისტი 1925-ს“ ზუსტად ერთი თვის წინ შეუერთდა და უკრაინული გუნდის რიგებში 4 მატჩი ჩაატარა. მანამდე ის 4 თვის განმავლობაში უგუნდოდ იყო. ქართველ მცველს ასევე უთამაშია მოსკოვის „ლოკომოტივში“, „როტორში“, „რუბინსა“ და „ნეფტეხიმიკში“. საქართველოს ნაკრებში კი მის ანგარიშზე 42 მატჩია.