ესპანელმა პაულა ბადოსამ WTA-ს ფინალის ჯგუფურ ეტაპზე, ბერძენ მარია საკარის 7-6(4), 6-4 მოუგო და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ბელარუსმა არინა საბალენკამ კი პოლონელ იგა სვიატეკს აჯობა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.
ბადოსასთვის (ფოტოზე) ეს მეორე შეხვედრაში მეორე გამარჯვებაა. სვიატეკმა კი ორი თამაში წააგო და მომდევნო ეტაპზე გასვლის ყველა შანსი დაკარგა.
ესპანელს გამარჯვებისთვის ორი საათი და ოთხი წუთი დასჭირდა. ამ დროში მან 10 ეისი მოაწოდა. შეხვედრის განმავლობაში, მას 12 ბრეიკ პოინტი ჰქონდა, რომელთაგან მხოლოდ სამი გამოიყენა და მოსაგებად ესეც საკმარისი აღმოჩნდა. მან 22 უნებლიე შეცდომა დაუშვა, საკარის 49-ის წინააღმდეგ.
„ცოტა გამიჭირდა, მაგრამ წინდაწინვე ვიცოდი, რომ მარიასთან თამაში იოლი არ იქნებოდა. ის საოცარი მებრძოლია. მეც მასავით მებრძოლი ვარ და მიყვარს პაექრობა. აგრესიულ თამაშს ვცდილობდი, მაგრამ დიდი სიმაღლის გამო, აქ ეს ძნელია“, - ყვება ესპანელი, ვისაც ორშაბათს 24 წელი უსრულდება.
პირველ სეტში ბადოსა 5-2 დაწინაურდა, მაგრამ მეოთხე ნომრად განთესილმა ბერძენმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო და სეტი ტაიბრეიკამდე მიიყვანა. აქ კი ბადოსამ პირველი ოთხი მოწოდება მოიგო და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
ბადოსამ მეორე სეტშიც აგრესიულად ითამაშა და მესამე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე მოიგო. მეხუთე გეიმში საკარიმ ექვსი ბრეიკ პოინტი მოიგერია, მერვეში კი ანგარიში გაათანაბრა. თუმცა ბადოსამ მომდევნო გეიმშივე დაიბრუნა უპირატესობა და ამჯერად ის აღარ დაუთმია.
კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა სვიატეკის და საბალენკას შეხვედრა, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად, სამი სეტის თამაში გახდა საჭირო. თავიდან პოლონელი დაწინაურდა, მაგრამ საბალენკამ შეძლო თამაშის შემობრუნება და 2-6, 6-2, 7-5 გაიმარჯვა.
სვიატეკმა, ვინც საფრანგეთის ღიას 2020 წლის ჩემპიონია, კარგად დაიწყო, პირველ სეტში ორი ბრეიკი მოიპოვა და სეტებში დაწინაურდა. ბელარუსს განსაკუთრებით პირველი მოწოდება არ გამოსდიოდა. მაგრამ მეორე სეტიდან თამაში გააუმჯობესა, ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო, საკუთარ მოწოდებაზე სამი ბრეიკ პოინტი მოგერია და მალე სეტებში ანგარიშიც გაათანაბრა.
გადამწყვეტ სეტში კარგა ხანს, უპირატესობას ვერცერთი აღწევდა. 5-5-ზე, საბალენკამ შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და ამით შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 20 წლის სვიატეკმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.