ავსტრიის ქალაქ გრაცში, 11-დან 14 ნოემბრის ჩათვლით ფიგურულ ციგურაობაში ჩელენჯერის სერიის მორიგი საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. სენიორების კატეგორიაში მონაწილე 18 ქვეყნის 27 მოციგურავე მამაკაცს შორის ქართველი სპორტსმენი - ნიკა ეგაძე ასპარეზობდა.
ჩვენებურისთვის ავსტრიის თასი, ამ სეზონზე, ყაზახეთისა და ლატვიის ტურნირების შემდეგ, მესამე საერთაშორისო სტარტი იყო. ქართველ მოციგურავეს გამოსვლა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში მოუხდა და ისეთი ქვეყნის წარმომადგელებს აჯობა, როგორებიც ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ესტონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, კანადა თუ სხვაა.
ნიკამ რთული ტექნიკური ელემენტებითა და ოთხმაგი ნახტომებით დატვირთული პროგრამა შეასრულა და ჯამში მოპოვებული 227.57 ქულით, ჩელენჯერის სერიის გამარჯვებული გახდა. ცხადია ჩვენებური ოქროს მედალს დაეუფლა რაც მის სპორტულ კარიერაში, სენიორების კატეგორიაში მიღწეული ყველაზე მაღალი შედეგია.
ნიკა ეგაძემ წინა სეზონზე სერიოზული ტრავმის გამო არაერთი ტურნირი გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ გრაცში გამართულ ტურნირზე ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა ძალიან ცუდად დაიწყო და პირველ გამოსვლაზე 68.02 ქულა დაიმსახურა, ეს კი მხოლოდ მე-12 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. ეგაძე ლიდერს 15 ქულით ჩამორცებოდა თუმცა, თავისუფალი პროგრამა მან უმაღლეს დონეზე შეასრულა, 159.55 ქულა დაიმსახურა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. მან მეორე ადგილზე გასულ იაპონელ სპორტსმენს 1.66 ქულით აჯობა.