ფეხბურთი

2:00 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟინიოს მორიგი საშინელი პენალტი და იტალია ბეწვის ხიდზე

ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრებს ეთამაშება და შეიძლება ზედიზედ მეორედ დარჩეს მსოფლიოს ჩემპიონატის გარეშე.

„სკუადრა აძურამ“ რომში კონკურენტ შვეიცარიას უმასპინძლა და გამარჯვების შემთხვევაში პრაქტიკულად ყველაფერს ასრულებდა, მაგრამ რობერტო მანჩინის გუნდმა ამოცანა ვერ გადაჭრა.

უფრო მეტიც, შვეიცარიამ თამაში დიდებულად დაიწყო და ანგარიში მე-11 წუთზე სილვან ვიდმერის ლამაზი გოლით გაიხსნა. „სკუადრა აძურამ“ ნელ-ნელა თამაში დაალაგა და უპირატესობა მოიპოვა, რაც ტაიმის ბოლოს ჯოვანი დი ლორენცოს გოლში აისახა - 1:1.

მეორე ნახევარში გამარჯვებასთან ახლოს მხოლოდ იტალია იყო და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაანიავა. ყველაზე კარგი შანსი კი 90-ე წუთზე მიიღო. დომენიკო ბერარდიმ პენალტი მოიპოვა და ბურთთან ჟორჟინიო მივიდა. იტალო-ბრაზილიელს რომ გაეტანა, იტალია მოიგებდა და თითქმის მსოფლიოს ჩემპიონატზე იქნებოდა, მაგრამ ვერ გაიტანა და კარს ააცილა. შედეგად, 1:1.

სხვათა შორის, ჟორჟინიომ უკვე ზედიზედ მესამე პენალტი ვერ გაიტანა იტალიის ნაკრებში. ჯერ იყო და, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი პენალტი გააფუჭა და რომ არა მერე ჯიჯო დონარუმას გმირობა, ვინძლო ახლა ევროპის ჩემპიონი ინგლისი ყოფილიყო. ამას მოჰყვა, სწორედ შვეიცარიასთან საგარეო შეხვედრაში მეორე არაზუსტი პენალტი და ის თამაში 0:0 დასრულდა და ახლა ისევ შვეიცარიასთან „იყოჩაღა“.

მოკლედ, იტალიის ნაკრები თუ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გავიდა, 99%-ით ჟორჟინიოს დამსახურება იქნება. ბოლო ტურის წინ იტალიას და შვეიცარიას 15-15 ქულა აქვთ, ლიდერ ჯერ „აძურაა“, რადგან ბურთების უკეთესი ბალანსი აქვს (+11), ხოლო შვეიცარიას (+9). ბოლო ტურში იტალიელები სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას ხვდებიან და იოლი გასეირნება არ ელით, რასაც ვერ ვიტყვით შვეიცარიაზე, რომელიც შინ ბულგარეთს დაუხვდება, რომელიც ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს, ამდენად შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მურათ იაკინის გუნდს ბოლო ტურში უფრო იოლი თამაში აქვს, ვიდრე ევროპის მოქმედ ჩემპიონს და გამორიცხული არაფერია.

იტალია - შვეიცარია 1:1 (1:1)

გოლები: 0:1 ვიდმერი (11), 1:1 დი ლორენცო (36)

ჩრდ. ირლანდია - ლიეტუვა 1:0 (1:0)

გოლები: 1:0 სატკუსი (18, ა.გ)

1. იტალია 7 4 3 0 13 2 11 15
2. შვეიცარია 7 4 3 0 11 2 9 15
3. ჩრდ. ირლანდია 7 2 2 3 6 7 -1 8
4. ბულგარეთი 7 2 2 3 6 10 -4 8
5. ლიეტუვა 8 1 0 7 4 19 -15 3
0.126514