მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურინშია და ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის ემზადება. სერბმა კარიერაში სეზონი მეშვიდედ დაასრულა პირველ ადგილზე, რაც სარეკორდო მაჩვენებელია და იტალიაში კიდევ ერთ რეკორდს უმიზნებს. ნოვაკი შემაჯამებელის მოგების შემთხვევაში, როჯერ ფედერერის მიღწევას გაიმეორებს და მეექვსედ გახდება გამარჯვებული. გასულ კვირას ნოვაკმა პარიზის მასტერსი მოიგო და ტურინში თავდაჯერებული ჩავიდა. ნოვაკი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ღია პირველობის შემდგომმა შესვენებამ მასზე კარგად იმოქმედა და იმედოვნებს, რომ ტურინში წარმატებას მიაღწევს.
"თავს უფრო მხნედ ვგრძნობ, რადგან წინა წლებისგან განსხვავებით ბევრ ტურნირზე არ მიმიღია მონაწილეობა. ასევე, ბევრი დამღლელი ტურნირი ჩავატარე, განსაკუთრებით გრანდ სლემის, რომელიც არა მარტო ფიზიკურად, არამედ გონებრივად და ემოციურად რთული გამოდგა. მიღწევების ფონზე ეს წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამიტომ, ვგრძნობდი, რომ დასვენება მჭირდებოდა სეზონის ბოლოსკენ. პარიზში კარგად ვითამაშე და იმედია ტურინშიც წარმატებას მივაღწევ. ზოგჯერ არასაკმარისი ენერგია გაქვს, რათა ხუთი შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩაატარო და ტიტული მოიპოვო." - განუცხადა შემაჯამებელი ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდს ნოვაკმა.
ჯოკოვიჩმა მიმდინარე სეზონში 48 შეხვედრა მოიგო და 6 წააგო. ნოვაკმა ხუთი ტურნირი მოიგო, მათ შორის ავსტრალიის ღია პირველობა, როლან გაროსი და უიმბლდონი. ბალკანელს შეეძლო 1969 წელს დაფიქსირებული როდ ლეივერის შედეგი გაემეორებინა და სეზონში ოთხივე დიდი სლემის კატეგორიის ტურნირი მოეგო, თუმცა აშშ-ს ღია პირველობაზე მას ოცნების ახდენა დანილ მედვედევმა არ აცალა. ჯამში, ამ დიდ ოთხ ტურნირზე ნოვაკმა 27 მატჩი მოიგო და ერთხელ დამარცხდა, ისიც ფინალში რუსთან. სერბი პირველი შეხვედრისთვის ემზადება და მიიჩნევს, რომ ტურინში ტურნირის გადატანა კარგი იდეა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არენაა.
"ლონდონი წლის შემაჯამებელი ტურნირისთვის წარმატებული ქალაქი აღმოჩნდა. ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი არენაა და ყოველდღე არ მოგწყინდება ამ ხედის ყურება. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვიყავი მომხრე სამ-ოთხ წელიწადში შემაჯამებელისთვის ქალაქი შეცვლილიყო. ჩოგბურთის მხრივ იტალიაში ბუმია, რაც ბოლო წლების განმავლობაში მატეო ბერეტინის, ფაბიო ფონინის და იანიკ სინერის ასპარეზობამ წარმოაჩინა. ტურინში კარგი განწყობაა და მოუთმენლად ელოდებია ტურნირის დაწყებას და მატეოს მხარდაჭერას. ამ ქალაქში ყველას სურს, რომ შემაჯამებელი წარმატებულად დასრულდეს."
ნოვაკ ჯოკოვიჩი მწვანე ჯგუფშია განთესილი და თავის პირველ შეხვედრას ორშაბათს, კასპერ რუდთან ჩაატარებს. ასევე უნდა ითქვას, რომ ბოლოს ჯოკოვიჩმა შემაჯამებელი 2015 წელს მოიგო.