ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საფრანგეთთან გასამართ თამაშამდე 48 საათით ადრე 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
განაცხადში 16 ლეგიონერია – თითო-თითო ინგლისიდან და რუსეთიდან, 14 კი საფრანგეთიდან. ამ 14 მოთამაშიდან 10 ტოპ 14-ის კლუბების ღირსებას იცავს, ოთხი კი პრო დე2-იდანაა. შემადგენლობაში 7 მორაგბეა ‘შავი ლომიდან’.
დავით ნინიაშვილი, რომელიც ‘ლიონს’ ზაფხულში შეუერთდა, ლეგიონერის სტატუსით პირველად ითამაშებს. ტოპ 14-ის მოთამაშის რანგში შემადგენლობაში პირველად არიან ‘ლიონში’ ნინიაშვილის თანაგუნდელი ბექა საღინაძე და ‘ბიარიცის’ მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია. საფრანგეთში, კერძოდ პრო დე2-ის ‘აჟენში’ გადასვლის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გრიგორ ქერდიყოშვილი.
ტრავმების მოშუშების შემდეგ, ნაკრებს ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდნენ ბექა გორგაძე და ქერდიყოშვილი. თებერვლის შემდეგ ბორჯღალოსნებთან ერთად პირაველადაა გიორგი ცუცქირიძე.
მაისაშვილის თქმით:
„ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის სავარაუდოდ მწყობრში იქნება. ტრავმიდან ახალი დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულები არიან. სასიხარულოა, რომ ტრავმიდან დაგვიბრუნდნენ ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ შეცვლაზე მყოფი მორაგბეები“.
ბორჯღალოსნებმა საფრანგეთისა და ფიჯისთან მატჩებისთვის მზადება 1 ნოემბერს თბილისში, „შევარდენის“ ბაზაზე დაიწყეს, 7 ნოემბერს კი საფრანგეთში გაემგზავრნენ. ბორდოში გუნდმა ბოლო მოსამზადებელი ვარჯიში გუშინ გამართა, დღეს დასვენების დღეა, ხვალ „სტად მატმუტზე“ კაპიტნის ვარჯიში, ხოლო კვირას საფრანგეთს 14-წლიანი პაუზის შემდეგ ვერკინებით.
საფრანგეთთან მატჩი 14 ნოემბერს, საქართველოს დროით 17 საათზე დაიწყება.
შემოდგომის ერთა სერიები | 14 ნოემბერი. 17 საათი (საქ. დრო)
საფრანგეთი – საქართველო | ბორდო. „სტად მატმუტი“
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 7 კეპი, 20 ქულა), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 13 კეპი, 55 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსტერი, 35 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 93 კეპი, 65 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, 26 კეპი, 164 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 59 კეპი, 50 ქულა);
შერკინება: 1. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 23 კეპი, 10 ქულა), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 83 კეპი, 55 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 29 კეპი, 15 ქულა), 4. გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 5 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბაიონი, 68 კეპი, 10 ქულა), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, 23 კეპი, 15 ქულა), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 21 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 31 კეპი, 35 ქულა);
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 17 კეპი, 5 ქულა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 23 კეპი, 10 ქულა), 18. ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 1 კეპი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 32 კეპი), 20.თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 10 კეპი, 10 ქულა), 21. მიხეილ ალანია (ორიაკი, 5 კეპი), 22. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 87 კეპი, 53 ქულა), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 10 კეპი, 5 ქულა).
RUGBY.GE