მიუნხენის „ბაიერნმა“ იოზუა კიმიხს შესაძლოა ხელფასის ნაწილი არ გადაუხადოს, რისი მიზეზიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
კიმიხი გერმანიის ნაკრების შეკრებაზე იმყოფებოდა, მაგრამ კარანტინში მოუწია გადასვლა ინფიცირებულ ნიკლას ზულესთან ახლო კონტაქტის გამო, რომელიც თავის მხრივ აცრილია.
შედეგად, კიმიხი მინიმუმ ერთ კვირას თვითიზოლაციაში გაატარებს და მიუნხენურ კლუბს უფლება აქვს ამ პერიოდის ხელფასი არ გადაუხადოს. 1 ნოემბერს გერმანიაში ამოქმედდა კანონი, რომელიც დამსაქმებლებს უფლებას აძლევს არ გადაუხადონ ხელფასები არავაქცინირებულ თანამშრომლებს კარანტინის პერიოდში. ჯერჯერობით უცნობია გამოიყენებს თუ არა ბაიერნი ამ ვარიანტს.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში იოზუა კიმიხმა ყველა ტურნირზე 18 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.