ფეხბურთი

20:26 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იანე ანდერსონი: "საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ"

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 59 წლის სპეციალისტმა ხვალინდელ თამაშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვილი სანიოლის გუნდი ძლიერი მოწინააღმდეგეა.

„საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ. არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშეს და ნამდვილად ანგარიშგასაწევი მეტოქეა. თუმცა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვიცით, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ.

ისაკის ფორმა? ფეხბურთი გუნდური სპორტია, მაგრამ ისაკი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია და მაღალ დონეზე თამაშობს, როგორც კლუბში, ისე ნაკრებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალში კიდევ ბევრჯერ შეძლებს ჩვენს გახარებას.

იბრაჰიმოვიჩი? ცხადია, როდესაც მისი დონის ფეხბურთელს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს, ნებისმიერი მწვრთნელისთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. ზლატანი ჩვენთვის მოედანზე და მის მიღმაც ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“, - თქვა ანდერსონმა.

პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა: „როგორც მწვრთნელმა თქვა, მეტოქეს პატივს ვცემთ. საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია და სწრაფ ფეხბურთს თამაშობს. თუმცა, ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების გვჯერა და გვინდა, რომ დადებითი შედეგი ვაჩვენოთ“.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები B ჯგუფში 4 ქულით მეოთხე ადგილზეა და კოსოვოს ბურთების ბალანსით უსწრებს, შვედეთის ნაკრებს კი 11 ნოემბერს, ბათუმში უმასპინძლებს, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ვილი სანიოლის გუნდი 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. შვედეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია და ესპანეთს 2 ქულით უსწრებს, იანე ანდერსონის გუნდი საქართველოს შემდეგ ესპანეთში ითამაშებს, ხოლო „ფურია როხა“ მანამდე ათენში, საბერძნეთს ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111948