ავტოსპორტი

1:47 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„აუდის“ „მაკლარენის“ ყიდვა სურს

როგორც გერმანული გამოცემა „აუტო მოტორ უნდ შპორტი“ წერს, „ფოლკსვაგენს“ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატში ჩართვასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება დეკემბრის დასაწყისში მოუწევს. ეს იმისთვის, რომ FIA-მ 15 დეკემბრისთვის იცოდეს, აპირებს თუ არა გერმანული კონცერნი საქმეში ჩართვას.

სწორედ 15-ში მართავს საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია ძრავებთან დაკავშირებით სხდომას, რომელზეც ძრავების ახალი რეგლამენტი უნდა დამტკიცდეს. და თუ „ფოლკსვაგენისგან“ პასუხი არ ექნება, მაშინ არც მისი ინტერესების შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ძრავების ახალი რეგლამენტი 2026 წლის სეზონიდან ამოქმედდება.

გერმანულმა გამოცემამ „ფოლკსვაგენთან“ დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია მოიპოვა, რომლის შესაბამისადაც, გერმანული კონცერნი ფ1-ში თავისი ორი კომპანიის, „აუდის“ და „პორშეს“ სახელით ჩაერთვება. ამასთან, პირველ ეტაპზე, მხოლოდ ძრავების მიმწოდებლის სტატუსით.

უფრო მეტიც, მომავალში არაა გამორიცხული, რომ „აუდიმ“ მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი გუნდის გამოყვანაც გადაწყვიტოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სოლიდური გუნდის შესყიდვის საშუალება მიეცემა. ასეთად კი გერმანულ კომპანიას „მაკლარენი“ ესახება. ბრიტანულ გუნდს ფინანსურო პრობლემები შეექმნა, თუმცა შედეგების გაუმჯობესების კვალად, მის მოგვარებას მომავალი სეზონიდან გეგმავს.

რაც შეეხება „პორშეს“, გერმანული გამოცემის ინფორმაციით, მას პარტნიორად „უილიამსი“ ჰყავს შერჩეული. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „პორშეს“ ან „აუდის“ „რედ ბულთან“ თანამშრომლობა ერჩივნათ, მაგრამ ავსტრიული გუნდის პოირობა ისაა, რომ ძრავები უფასოდ მიიღოს და მათი მიმწოდებელი სპონსორიც გახდეს, რაც გერმანულ კომპანიას დამატებითი მილიონები დაუჯდება. ამაზე „ფოლკსვაგენი“ არ წავა და შესაბამისად, პარტნიორად „უილიამსი“ ურჩევნია.

სხვათა შორის, ამ ინფორმაციის ნამდვილობას, „რედ ბულის“ მოტორსპორტის მრჩევლის, ჰელმუტ მარკოს კომენტარი ირიბად ადასტურებს: „უილიამსთან ერთად, იმისთვის, რომ ტოპ გუნდად ჩამოყალიბდნენ, მათ (ფოლკსვაგენს) სამი წელი მაინც დასჭირდებათ. ჩვენთან ერთად კი სტარტიდანვე მოგებას დაიწყებენ“.

არის მეორე ფაქტორიც - თუ „რედ ბულთან“ შეთანხმება ვერ მოხერხდა, „ფოლკსვაგენი“ ვერც „ჰონდას“ ძრავებთან დაკავშირებულ ტექნიკურ ინფორმაციას მიიღებს, რაც გერმანული კომპანიის ინჟინრებს ძალიან გამოადგებათ. შესაბამისად, საქმის დაწყებაც ნულიდან მოუწევთ. თუმცა მათს ორივე ბრენდს, ლემანისა და გამძლეობაზე რბოლებისთვის, ჰიბრიდული ძრავების შექმნაში უზარმაზარი გამოცდილება აქვთ დაგროვილი. უფრო მეტიც, 2018 წელს „პორშემ“ ფ1-ის ძრავი შეიმუშავა კიდეც, თუმცა შემდეგ პროგრამა დაიხურა.

0.110062