ფეხბურთი

17:20 | 7.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ნაკრებს გადამწყვეტი მატჩების წინ ბონუჩი და კიელინი გამოაკლდნენ

იტალიის ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გუნდის ლიდერების, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის გარეშე თამაში მოუწევს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელი ტრავმირებულია, რის გამოც ფლორენციის „ფიორენტინასთან“ ვერცერთმა ითამაშა. ბონუჩისაც და კიელინისაც კუნთების დაზიანება აღენიშნებათ. აღსანიშნავია, რომ „ფიორენტინასთან“ კიელინი სათამაშოდ მზად იყო, მაგრამ მატჩისწინა გახურებისას ტკივილი იგრძნო და დანიელე რუგანიმ ითამაშა. ტურინული გაზეთის ცნობით, ლეონარდო და ჯორჯო ორშაბათს ნაკრებს შეუერთდებიან, სამედიცინო შემოწმებას მაინც გაივლიან, შემდეგ კი კლუბში დაბრუნებიან და აღდგენით პროცესს გააგრძელებენ. ასე რომ, მათი არყოფნა, პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

იტალიის ნაკრებს კი წინ გადამწყვეტი მატჩები ელის. „სკუადრა აძურა“ ჯგუფში 14 ქულით ლიდერობას შვეიცარიასთან ერთად იყოფს, რომელსაც 12 ნოემბერს რომში უმასპინძლებს და მარცხის შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლის შანსს დაკარგავს და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს.

გარდა ამისა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი 15 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება. აშკარაა, რომ რობერტო მანჩინი სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა, რადგან დაცვის მთავარი ლიდერების გარეშე თამაში რთული იქნება.

0.112573