ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალში გავიდა, რაც უკვე საკმარისია იმისთვის, რომ სერბმა ჩოგბურთელმა, მეშვიდე სეზონი დაასრულოს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში. ეს რეკორდია. მეორე საუკეთესო შედეგი ამერიკელ პიტ სამპრასს ეკუთვნის, რომელმაც რეიტინგის სათავეში ექვსი სეზონი (1993-98 წლებში) დაასრულა.
ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში 3-6, 6-0, 7-6 (5) მოუგო პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს, ვისთან ერთადაც, მალე ATP-ს ფინალში იასპარეზებს. ფინალში მისი მეტოქე, რუს დანიილ მედვედევსა და გერმანელ ალექსანდერ ზვერევს შორის გამარჯვებული იქნება. ჯოკოვიჩს შანსი აქვს, მეექვსედ მოიგოს პარიზის მასტერსი, რაც ასევე რეკორდი იქნება.
„ამ ტურნირზე, ჩემი მიზანი ეს იყო. ვამაყობ იმით, რომ სეზონის პირველი ჩოგნის რანგში ვამთავრებ. ეს ალბათ სიზმარია., რადგან სამპრასი ჩემი ახალგაზრდობის კერპი იყო. მისმა მაგალითმა მიბიძგა, ხელში ჩოგანი ამეღო და სპორტში ბედი მეცადა“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვინც რეიტინგის სათავეში 2011-12, 2014-15, 2018 და 2020 წლების სეზონები დაასრულა.
ჯოკოვიჩმა მარტში როჯერ ფედერერის მიღწევა გაიმეორა - რეიტინგის სათავეში 310 კვირა გაატარა. ამ სეზონის ბოლოს კი, ამ მაჩვენებელს 348 კვირამდე გაზრდის. უფრო მეტიც, თუ პარიზის მასტერსის ფინალში მოიგებს, ეს მისთვის მასტერსის სერიის ტურნირებზე მოპოვებული 37-ე ტიტული იქნება და ერთით გაასწრებს რაფაელ ნადალს.
P.S. მეორე ნახევარფინალში, მედვედევმა ზვერევს 6-2, 6-2 მოუგო და ფინალში ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, ვინც წელს შეერთებული შტატების ღია პირველობის ფინალში დაამარცხა და სეზონური დიდი სლემის შესრულების საშუალება არ მისცა.