მას შემდეგ რაც ჩავი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, 41 წლის ესპანელმა სპეციალისტმა Mundo Deportivo-ს კატალონიური კლუბიზე თავისი აზრები გაუზიარა. მისი განცხადებით, „ბლაუგრანა“ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია და ფეხბურთელების მიმართ მაქსიმალურად მომთხოვნი იქნება.
"მაქსიმალურად ვიმუშავებთ. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ "ბარსელონა" ვართ - საუკეთესო კლუბი მსოფლიოში და საუკეთესო კლუბმა უნდა მოიგოს. არ გვეპატიება არც ფრე და მითუმეტეს არც წაგება. ამიტომ, მექნება მაქსიმალური მოთხოვნები ფეხბურთელების მიმართ.
ვეცდებით, ფეხბურთელები გავახაროთ, მათ უნდა დაისახონ მკაფიო მიზნები და, რა თქმა უნდა, გასამარჯვებლად ვიბრძოლოთ. პოზიტიურ ხასიათზე ვარ, მაგრამ ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ამ გეგმამ გაამართლოს.
რთული პერიოდი მეც გამოვიარე. ვიცი, რომ ახლა "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო პერიოდი არ არის, მაგრამ, მინდა კლუბს ვაჩვენო ჩემი იდეები და გუნდის ასაშენებლად ბევრს ვიმუშავებ. ვფიქრობ, გუნდურად ყველაფერს შევძლებთ. მოუთმენლად ველოდები ვითარების გამოსწორებას. მაგრამ, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს უნდა ვესაუბრო, რათა გავიგო, მათ მიზნად რა ესახებათ“, - განაცხადა ჩავიმ.
შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ 11 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და მე-9 პიზიციაზე იმყოფება. კატალონიურ გრანდს ბოლო 3 შეხვედრა არ მოუგია (1 ფრე, 2 წაგება). დღეს კი მე-13 ტურის ეგიდით, სტუმრად ვიგოს „სელტას“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება. რაც შეეხება ჩავის, ის 8 ნოემბერს პრესკონფერენციას გამართავს და "ბარსაში" მუშაობას დაიწყებს. მას კატალონიურ კლუბთან ერთად 25 ტიტული აქვს მოგებული, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა და 8-ჯერ ესპანეთის ჩემპიონობა.