ლონდონის „ტოტენჰემში“ ანტონიო კონტეს წარმატებული დებიუტი შედგა. ინგლისურმა გუნდმა კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში არნემის „ვიტესი“ 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ლონდონელები 28-ე წუთისთვის 3:0-ს იგებდნენ, მაგრამ ნიდერლანდელებმა პირველივე ტაიმში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს, ხოლო მეორე ტაიმში გოლი აღარ გასულა.
მატჩის შემდეგ კონტემ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ გუნდს ბევრი სამუშაო აქვს, მაგრამ დრო ცოტაა.
„ეს იყო თამაში, რომელიც უნდა მოგვეგო, ჯგუფში ორი თამაში დარჩა და ორივე უნდა მოვიგოთ, რათა პირველი ადგილი დავიკავოთ. ამ თამაშმა აჩვენა ჩვენი სირთულეები. 3:0-ს ვიგებდით, შესანიშნავი მომენტებიც შევქმენით, მაგრამ ცოტა აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ დავცემულიყავით. ცვლილებებით ცოტა გავაუმჯობესეთ სიტუაცია. წვალებით მოვიგეთ, ამ გუნდმა სწორედ ასეთ სტილში გამარჯვება უნდა ისწავლოს. ბევრი გვაქვს სამუშაო, პრობლემა ისაა, რომ დრო ცოტაა, ორ დღეში უნდა ვითამაშოთ და მერე სანაკრებო შესვენებაა.
მადლობას ვუხდი გუნდს და გულშემატკივრებს, რომ ასე კარგად მიმიღეს. ამ ატმოსფეროში თამაში ნამდვილად სასიამოვნოა. მინდა, მათ ჩემი შრომით გადავუხადო სამაგიერო, თუმცა, მოთმინება საჭირო იქნება. კლუბს წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურა აქვს, საკუთარი სტადიონი და საუკეთესო ბაზა. ახლა საფეხბურთო დონეზე უნდა ვიპოვოთ ბალანსი და მივუახლოვდეთ იმ დონეს, რა დონის ინფრასტრუქტურაც გუნდს აქვს“, - თქვა კონტემ.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე, გახანგრძლივების შესაძლებლობით გააფორმა.