ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის 33-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.
შემოდგომას ჩვენი გუნდი ორ თამაშს გამართავს:
14 ნოემბერს ბორდოში საფრანგეთს, საქართველოს დროით 17 საათზე ვეთამაშებით. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ‘ლე ბლეს’ მსოფლიო თასს მიღმა ვერკინებით. აქამდე ფრანგებთან ერთადერთხელ, 2007 წლის მსოფლიო თასზე გვითამაშია;
20 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდის მახლობლად, არანხუესში ფიჯის ვერკინებით.
ლევან მაისაშვილმა გაფართოებულში პრაქტიკულად ყველა იმ მორაგბეს უხმო, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე სურდა. 33 მორაგბიდან 19 მორკინალი და 14 ხაზის მოთამაშეა. გუნდი უკვე შევიდა შეკრებაზე „შევარდენის“ ბაზაზე და 7 ნოემბერს ბორდოში გაემგზავრება, სადაც პირველი მატჩის წინ მზადების დასკვნით ეტაპს გაივლის.
მთავარი მწვრთნელი კმაყოფილია, რომ მომავალი შეხვედრებისთვის საუკეთესო შემადგენლობის შეკრება მოახერხა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას არ უჩივის:
„ბოლო ორი წლის განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობა შევკრიბეთ. შეკრებაზე გვყავს თითქმის ყველა ის მოთამაშე, რომლის ხილვაც ამ ეტაპზე გვსურდა. ერთადერთი ჯაბა ბრეგვაძემ ვერ შეძლო ჩამოსვლა. მნიშვნელოვანია, რომ მოთამაშეებმა ტრავმები მოიშუშეს და დაგვიბრუნდნენ. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ყველას ერთად ნახვა სასიამოვნო ფაქტია“.
„ასევე სასიამოვნოა, რომ მოთამაშეთა უმეტესობას კლუბებში საკმარისი სათამაშო დრო აქვთ და მომავალ შეხვედრებს კარგ ფორმაში ხვდებიან. კარგი იყო ‘შავ ლომს’ მესამე თამაშიც ჩაეტარებინა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. კარგია, რომ მოსამზადებელი ეტაპი ერთად გავიარეთ და ამ მხრივ უკეთეს პოზიციაში ვართ, ვიდრე გასულ წლებში. 2017-2019 წლებში ლეგიონერების აქტივობა კლუბებში იყო დაბალი, რასაც პანდემია მოყვა. კარგია, რომ წელს სურათი შეიცვალა და უთამაშებლობის პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას“ – ამბობს მაისაშვილი.
პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (66 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (6 კეპი), გურამ გოგიჩაშვილი (23 კეპი, 10 ქულა); შალვა მამუკაშვილი (83 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (17 კეპი, 5 ქულა), ვანო კარკაძე (5 კეპი, 5 ქულა); ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გიორგი მელიქიძე (29 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (1 კეპი);
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (68 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (32 კეპი), დავით გიგაური (12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ჯაიანი (11 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (5 კეპი, 5 ქულა);
მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ბექა საღინაძე (23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (10 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (29 კეპი, 30 ქულა), ბექა გორგაძე (31 კეპი, 35 ქულა);
9: ვასილ ლობჟანიძე (59 კეპი, 50 ქულა), გელა აფრასიძე (35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (5 კეპი);
10: თედო აბჟანდაძე (26 კეპი, 164 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (4 კეპი, 9 ქულა);
12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 78 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (35 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (10 კეპი, 5 ქულა), სანდრო სვანიძე (1 კეპი);
11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (13 კეპი, 55 ქულა), მირიან მოდებაძე (16 კეპი, 35 ქულა);
15: დავით ნინიაშვილი (7 კეპი, 20 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 53 ქულა).
RUGBY.GE
ბორჯღალოსნების გაფართოებული რაზმი ნოემბრის ტესტებისთვის