ავტოსპორტი

4:35 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰორნერი: „მერსედესის“ ახალი საკიდარი უპირატესობას ყველგან არ იძლევა

„რედ ბულის“ გუნდის შეფი კრისტიან ჰორნერი შიშობს, რომ ახალი საკიდარის სისტემა, „მერსედესს“ გადამწყვეტ უპირატესობას მისცემს.

ახალი საკიდარის წყალობით, სწორ მონაკვეთებზე „მერსედეს W12"-ის უკანა ნაწილი დაბლდება და ჰაერის ნაკადს, უკანა დიფუზორისკენ გზას უკეტავს. შედეგად, ჩაჭიდება კი მცირდება, მაგრამ ჰაერის წინაღმდეგობაც კლებულობს, რაც ჯამში, სწორზე სიჩქარეს ზრდის.

თურქეთის რბოლისას, ახალმა სისტემამ გერმანულ გუნდს გადამწყვეტი უპირატესობა მიანიჭა. მაგრამ ამერიკაში ასე არ მოხდა, რადგან ოსტინის ტრასას განსხვავებული მახასიათებლები აქვს და იქ ახალი საკიდარი ისეთი ეფექტურობით ვერ გამოირჩევა. თუმცა ეს შესაძლოა იმაზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ მომართავენ მას რბოლისთვის.

ჰორნერი იმედოვნებს, რომ ახალი საკიდარი ყველა ტრასაზე ეფექტური არ იქნება და მეტოქე დიდ უპირატესობას ვერ მიიღებს: „რაც ვნახეთ ისაა, რომ თურქეთში მათ ექსტრემალური სისტემა გამოიყენეს, რის საშუალებასაც ტრასა იძლეოდა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სისტემა არალეგალურია. მსგავსი სისტემა მათ ადრეც ჰქონდათ“.

ახალი საკიდარი ნაკლებად ეფექტურია, როდესაც პილოტს DRS სისტემის გამოყენება არ შეუძლია. ჰორნერი ფიქრობს, რომ დარჩენილ რბოლებში, ახალი სისტემა ყველაზე ეფექტური საუდის არაბეთში იქნება.

„ის ყველა ტრასაზე ერთნაირად ეფექტური არ არის. ოსტინში მას მცირე ეფექტი ჰქონდა. მაგრამ სხვაგან, მაგალითად ჯედაში, ის კარგად იმუშავებს“, - დასძენს ჰორნერი.

„ფერარის“ გუნდის შეფი მატია ბინოტო ამბობს, რომ ისიც ახალ საკიდარს ლეგალურად თვლის. „მე მსმენია ამ სისტემაზე და ვფიქრობ, ის წესებს არ ეწინააღმდეგება“, - ამბობს ბინოტო.

0.116343