ესპანეთის ლიგა ენდესას მერვე ტურში სევილიის „ბეტისი“, რომლის ღირსებას ბექა ბურჯანაძე იცავს, „ვალენსიას“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 84:81.
სევილიელებს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდათ წაგებული და როგორც იქნა, ცუდი სერია შეწყვიტეს. შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და ბოლო პერიოდში გაირკვა გამარჯვებულსი ვინაობა, როცა „ბეტისმა“ უკანასკნელი ათწუთეული 18:12 მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.
ამ წარმატებაში ბურჯანაძემ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა კალათბურთელმა 25:47 წუთში 18 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. საინტერესოა, რომ ბექამ ქულები მხოლოდ სამქულიანებით დააგროვა და 7-დან 6(!) სამქულიანი კალათში მოათავსა. ორი ორქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა და თანაგუნდელთა შორის მხოლოდ მარკო ტედოროვიჩს ჩამორჩა (24).
„ბეტისს“ 8 ტურის თავზე 2 გამარჯვების წილ 6 მარცხი აქვს და ჯერ ისევ ბოლო, მე-18 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი, 7 ნოემბერს სტუმრად „სარაგოსასთან“ გამართავს.