იმისათვის, რომ „რედ ბულთან“ საჩემპიონო ბრძოლაში, გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწიოს, „მერსედესი“ თავისი ძრავების მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმში გამოყენებას აპირებს. ეს ინფორმაცია არაა (და ვერც იქნება) ოფიციალური, თუმცა ვალტერი ბოტასისა და ლუის ჰამილტონისთვის ერთგვარი მარაგების შექმნა შესაძლოა იმის ნიშანი იყოს, რომ გუნდი გამიზნულად ემზადებოდა ამ ნაბიჯისთვის.
„მერსედესს“ ჰიბრიდული აგრეგატების ეპოქაში, პრაქტიკულად ყოველ სეზონში ჰქონდა ძრავის სიმძლავრის მარაგი. ის ფაქტი, რომ მისი აგრეგატები მაქსიმალური სიმძლავრის რეჟიმში იშვიათად მუშაობდა, გამძლეობაზე დადებითად მოქმედებდა. შედეგად, სამქიმიანების ძრავებმა ყველაზე გამძლეს რეპუტაცია მოიპოვა.
მაგრამ ამ სეზონში ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ ერთი, „ჰონდამ“ პრაქტიკულად აღმოფხვრა სიმძლავრეში ჩამორჩენა, რამაც „რედ ბულს“ ტიტულისთვის ბრძოლის საშუალება მისცა. მეორეც, გუნდები ძირითადად ახალი რეგლამენტის შესაბამისად, მანქანების მომზადებით არიან დაკავებული. მესამეც, სეზონის განმავლობაში, ძრავების მოდიფიცირება შეზღუდულია. და ამის გამო, „მერსედესმა“ საკუთარი საინჟინრო რესურსები, ძირითადად ახალ სეზონზე გადართო.
შესაბამისად, შასის ხარჯზე უპირატესობის მოპოვებაც პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგრამ „მერსედესს“ აქვს „ოქროს მარაგი“ ძრავის მაქსიმალური (ან მაქსიმალურთან მიახლოებული) სიმძლავრის სახით, რომელსაც ადრე არ იყენებდა. დარჩენილ რბოლებში, გერმანული გუნდი სწორედ ამ მარაგის გამოყენებას გეგმავს. მთავარია, ძრავი რბოლების დროს არ გამოვიდეს მწყობრიდან.
ლაპარაკია იმაზე, რომ ძრავების სიმძლავრე 15-20 ცხენის ძალით გაიზარდოს. ეს პილოტებს გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებს. თუმცა როგორც პადოკში ამბობენ, ბოლო ეტაპებზე მსგავს რისკზე წასვლას „ჰონდაც“ აპირებს.
საინტერესოა, რომ „მერსედესის“ ძრავების სხვა მომხმარებელ გუნდებს, ძრავებთან დაკავშირებული პრობლემები უფრო ადრე შეექმნათ. შესაძლოა, ეს იმის გამო ხდებოდა (გუნდებს შორის შეთანხმებით), რომ ძრავის სიმძლავრე გაზრდილი იყო. ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ პერიოდულად, ხან „ასტონ მარტინის“ სიჩქარე იზრდბოდა, ხან „უილიამსის“ და ხან „მაკლარენის“. შესაძლოა, ამ დროს, გერმანული კომპანია ძრავების რესურსს იკვლევდა, რაც მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, სეზონის დასკვნით ნაწილში, საკუთარი პილოტებისთვის ტაქტიკის შემუშავებაში დაეხმრებოდა.
რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მოსაზრებაა, თუმცა რეალობისგან შორს არაა. გერმანულ გუნდს (და კომპანიას) ამ ყველაფრის რესურსი აქვს და მისი გამოყენება სრულიად ლეგალური იქნება.
დაკიდევ, ახლახანს „მერსედესს“ ერთი კოზირიც აღმოუჩინეს. ესაა მისი საკიდარი, რომელსაც აქვს უკანა დიფუზრის „გათიშვის“ უნარი. ამ დროს, მცირდება აეროდინამიკური დატვირთვა და შესაბამისად, ჩაჭიდებაც. მაგრამ იმავდროულად, იკლებს ჰაერის წინააღმდეგობაც, რაც სწორ მონაკვეთებზე მანქანის სიჩქარეს ზრდის. მაგრამ ასეთი ფუნქცია ყველა ტრასაზე ერთნაირი ეფექტურობით არ მუშაობს. მაგალითად, ისტანბულში ის ეფექტური იყო, ოსტინში კი - არა.
მომდევნო რბოლების თავისუფალ პრაქტიკებზე, გუნდი პირველ რიგში, სწორედ უკანა საკიდარის აღნიშნული ფუნქციის ეფექტურობას შეამოწმებს. და თუ დამკმაყოფილ შედეგებს ვერ მიიღებს, მაშინ ძრავის სიმძლავრის გაზრდა მოუწევს. თუ საკიდარი ეფექტური იქნება, დიდი ალბათობით, ძრავის სიმძლავრე სტანდარტულ დონეზე დარჩება.
თუმცა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ ვარაუდია...