„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან ერთად იმის განმეორება სურს, რაც მათ „ბარსელონაში“ ერთად გააკეთეს.
ბრაზილიელი ფეხბურთელი ფიქრობს, რომ პსჟ-ში უფრო ხარისხიანი ფეხბურთელები არიან, ვიდრე მაშინ „ბარსელონაში“ იყვნენ, როცა ის მესის თანაგუნდელი ესპანურ გრანდში იყო.
„მინდა მესისთან ერთად გავიმეორო ის, რაც „ბარსელონაში“ გავაკეთეთ, როცა ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ახლა უფრო ძლიერ გუნდში ვართ, უკეთესი ხარისხის მოთამაშეებით. არ არის საჭირო გუნდის თითოეული მოთამაშის ინდივიდუალურ ნიჭზე კომენტარის გაკეთება. უბრალოდ, ჩვენ ერთმანეთს უნდა შევეწყოთ და შევთამაშდეთ“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, „პარი სენ ჟერმენს“ ლიგა 1-ში 28 ქულით პირველი ადგილი უკავია, ჩემპიონთა ლიგაზე კი ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 7 ქულის დაგროვება მოახერხა.