იტალიის სერია A-ში 10 ტური მიილია და „ნაპოლი“ შეუჩერებელია. ლუჩანო სპალეტის გუნდმა სეზონი საოცრად დაიწყო და მეცხრე გამარჯვება იზეიმა.
„აძურიმ“ „სან პაოლოზე“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, ადვილად იმარჯვა. ანგარიში ფაბიან რუისმა გახსნა, რასაც ლორენცო ინსინიეს დუბლი მოჰყვა, რომელმაც ორივე გოლი პენალტით გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 3:0.
„ნაპოლის“ 10 ტურში 9 გამარჯვება და 1 ფრე აქვს, შესაბამისად, 28 ქულას მოუყარა თავი, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერი მაინც არაა, რადგან „მილანიც“ ამავე შედეგით იწონებს თავს და კალჩოში ორხელისუფლიანობაა.
საგულისხმოა, რომ „ნაპოლიმ“ ისტორიაში სარეკორდი სტარტი აქვს. 10 ტურში 28 ქულა ნეაპოლურ გუნდს აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა, 2017-2018 წლების სეზონში, როცა გუნდს მაურიციო სარი წვრთნიდა, მაგრამ საბოლოოდ საჩემპიონო ბრძოლა მაშინ „იუვენტუსთან“ წააგო, რომელიც მიმდინარე სეზონში კონკურენციას დიდი ალბათობით ვერ გაუწევს, რადგან 13 ქულით უსწრებს.