ფეხბურთი

15:23 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

სულშერის დილემა

გასულ უქმეებზე „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (0:5), ბრიტანული ფეხბურთის ექსპერტებმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ სისტემურ პრობლემებზე დაიწყეს საუბარი. გასახდელშიც ვერ უნდა იყოს საქმე კარგად. მაგალითად, Times წერს, რომ „ლესტერთან“ მარცხის შემდეგ (2:4), რომელიც „ლივერპულამდე“ მოხდა, გუნდი შეიკრიბა და „ზოგ-ზოგებმა“ ხმა ამოიღეს.

ერთ-ერთი თემა მაგუაირის კაპიტნად დანიშვნის საკითხი გახლდათ. ის მხოლოდ ექვსი თვეა გუნდში და ასეთ პატივს არ იმსახურებდა. რატომ მაგუაირი, როცა დე ხეა და რაშფორდი გაცილებით მეტი ხანია „ეშმაკების“ ღისებას იცავენ?

მოგეხსენებათ, ინგლისში გუნდის კაპიტანს, ზოგადად განსხვავებული პასუხისმგებლობა ეკისრება და ხშირად ასეთად მას იჩევენ, ვინც დიდი ხანია გუნდში და თავისი თავდადებით იმსახურებს ამ წოდებას.

მაგუაირი „მანჩესტერში“ „ლესტერიდან“ 2019 წლის აგვისტოში გადავიდა 80 მილიონ გირვანქად. 2020-ის იანვარში კი კაპიტანი გახდა. სულშერი თავის ფავორიტებს აწინაურებსო - ჭორაობენ.

სხვათა შორის, მაგუაირი სტაბილური თამაშითაც ვეღარ გამოირჩევა. ოქტომბერი კი აშკარად არ არის მისი თვე. „ლესტერთან“ კოშმარული შეხვედრის შემდეგ, არც „ატალანტასთან“ გარჯილა კარგად. მართალია, გოლი გაიტანა, მაგრამ დაცვა დაავიწყდა.

იგივე გაგრძელდა „ლივერპულთანაც.“ პირველი გოლისას აშკარად დაკარგა პოზიცია. მეორე გოლისას კი სიტუაციაში ვერ გაერკვა და მეტოქეს გადააბარა ბურთი.

თუმცა, მაგუაირის თემა ერთადერთი არ ყოფილა შეხვედრაზე. მავანმა მოთამაშემ დაიჩივლა, ვარჯიშებისას ფეხბურთელების მოტივაციას ვერ ვხედავო. მეორემ კი ნორვეგიელის ტაქტიკა გააკრიტიკა, წაგებული თამაშების შემდეგ სასტარტო შემადგენლობას რატომ არ ცვლი, რატომ არ ათამაშებ ფეხბურთელებს, რომლებიც ვარჯიშებისას უკეთ გამოიყურებიანო. მოკლედ, სულშერს ფავორიტიზმში დასდეს ბრალი.

გასულ ორშაბათს დირექტორთა საბჭო და კლუბის მფლობელები შეუკრიბნენ. ჯოელ გლეიზერი, ედ ვუდვორდი და რიჩარდ არნოლდი. ხუმრობა ხომ არ არის, „მანჩესტერმა“ ბოლო ცხრა შეხვედრიდან ხუთი წააგო. სხდომა კარგა ხანს გაგრძელდა. თუმცა კონკრეტულად არაფერი გადაუწყვეტავთ.

საინტერესოა, რომ სულშერს გუნდში წონიანი მხარდამჭერი ჰყავს - თავად კრიშტიანუ რონალდუ. ტაბლოიდები წერენ, რომ პორტუგალიელი გასახდელში ლიდერია და პარტნიორებს მოუწოდებს, ნაკლები იჩურჩულონ ზურგსუკან და მხარი დაუჭირონ ნორვეგიელს. კრიშტიანუს სიტყვას ფასი აქვს.

საქმე იქამდე მვიდა, რომ სამშაბათს კერინგტონის ბაზაზე სერ ალექს ფერგიუსონიც გამოჩნდა, რაც ხშირად არ ხდება. სულშერი ფერგის დიდებული, ჩემპიონი გუნდის წევრი იყო და შოტლანდიელი მის კრიტიკას საჯაროდ ერიდება, თუმცა „რაღაც-რაღაცეებზე“ მიუნიშნებს.

გლეიზერები კი ფლორიდიდან იტყობინებიან, რომ მწვრთნელის შეცვლა ჯერჯერობით არ განიხილება და სავარაუდო კანდიდატებზე საუბარიც (კონტე, როჯერსი, ტენ ჰაგი) ნაადრევია.

როგორც ჩანს, სულშერს კიდევ სამ თამაშს დააცდიან. სამივე ურთულესია: ჯერ „ტოტენჰემთან,“ შემდეგ „ატალანტასთან“ და ბოლოს თანაქალაქელ „სიტისთან...“

0.114056