იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „იუვენტუსი“ „ინტერს“ ესტუმრა და მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა.
მასიმილიანო ალეგრიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ფედერიკო კიეზა თადარიგში გაამწესა, რომლის შემცვლელი დეიან კულუშევსკი 65 წუთის განმავლობაში საშინლად თამაშობდა. გუნდს პაულო დიბალაც დაუბრუნდა, მაგრამ ისიც კიეზას დარად შეცვლაზე ჩაერთო თამაშში.
„იუვემ“ გოლი სწრაფად გაუშვა. მე-17 წუთზე ედინ ჯეკომ ცარიელ კარში მას მერე გაიტანა, რაც ჰაქან ჩალჰანოღლუს დარტყმა ძელს მოხვდა და მას მიუვიდა. მასპინძლებს მეტი რეალური შანსი არ ჰქონიათ, მაგრამ მომენტებს ვერც „იუვენტუსი“ ქმნიდა. 89-ე წუთზე კი პენალტი დაინიშნა. დენზელ დუმფრისმა ალექს სანდროს ფეხში ჩაარტყა და VAR-ის დახმარებით მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც პაულო დიბალამ ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა, შედეგად, ფრე - 1:1, რითაც ალბათ ორივე გუნდი უკმაყოფილო იქნება, რადგან ლიდერის პოზიციას კიდევ უფრო მოშორდნენ.
„ინტერი“ „ნაპოლის“ და „მილანს“ უკვე 7 ქულით ჩამორჩება, „იუვენტუსი“ – 10 ქულით. ცხადია, „ნერაძურის“ და „ბიანკონერის“ საჩემპიონო ამბიცია თუ აქვთ, უფრო ხარისხიანი ფეხბურთი უნდა ითამაშონ.
მეცხრე ტურში კიდევ ერთი საინტერესო მატჩი იყო. „ნაპოლი“ „რომას“ ეწვია და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა. ჟოზე მოურინიოს გუნდმა კონფერენს ლიგაზე „ბოდო გლიმტთან“ კოშმარული მარცხის შემდეგ ლიდერთან ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მხოლოდ ქულას გამორჩა. „ნაპოლიმ“ ორი ქულის დაკარგვით ერთპიროვნული ლიდერობაც დაკარგა და ახლა პირველ ადგილს „მილანთან“ ერთად 25 ქულით იყოფს.
მეცხრე ტური საინტერესო იმით იყო, რომ „მილანის“ გარდა ვერცერთმა ლიდერმა მოიგო. „ატალანტამ“ შინ „უდინეზესთან“ მსაჯის კომპენსირებულ დროში გაუშვა გოლი და ფრეს დასჯერდა, ხოლო რომის „ლაციო“ „ინტერთან“ გამარჯვების შემდეგ „ვერონას“ ესტუმრა და 1:4 განადგურდა. საინტერესოა, რომ მაურიციო სარის გუნდს ოთხივე გოლი ჯოვანი სიმეონემ გაუტანა - დიეგო სიმეონეს შვილმა.
იტალიაში მე-10 ტურის მატჩები შუა კვირაში გაიმართება, 26-27 ოქრომბერს.
„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)
მილანი, „ჯუზეპე მეაცა“
„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; დარმიანი, ბარელა (ვესინო 90), ბროჟოვიჩი, ჩალჰანოღლუ (გალიარდინი 61), პერიშიჩი (დუმფრისი 72); ლაუტარო მარტინესი (სანჩესი 72), ჯეკო
მწვრთნელი: სიმონე ინძაგი
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო (დიბალა 65), მაკკენი (არტური 83), ლოკატელი (კაიო ჟორჟე 83), ბერნარდესკი (ბენტანკური 18); კულუშევსკი (კიეზა 65), მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 1:0 ჯეკო (17), 1:1 დიბალა (89, პენ)
გაფრთხილება: ბარელა (40), პერიშიჩი (71) - ალექს სანდრო (44), კიელინი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 16 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:2 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: მაურიციო მარიანი
„ფიორენტინა“ – „კალიარი“ 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ბირაგი (21), 2:0 გონსალესი (42), 3:0 ვლაჰოვიჩი (49)
„ვერონა“ – „ლაციო“ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 სიმეონე (30), 2:0 სიმეონე (36), 2:1 იმობილე (46), 3:1 სიმეონე (62), 4:1 სიმეონე (90)
„ატალანტა“ – „უდინეზე“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 მალინოვსკი (56), 1:1 ბეტო (90)