NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა სადაც ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდმა ითამაშა და მოიგო კიდეც. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ გოგა ბითაძეს კვლავ არ ენდობიან, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე არასრული 6 წუთი გაატარა და ამ დროში გუნდს ვერაფრით დაეხმარა.
სათამაშო დროის სიმცირის პრობლემა ბითაძის შემთხვევაში ხშირად ყოფილა, მაგრამ, წინა მწვრთნელებისგან განსხვავებით, რიკ კარლაილი ქართველი კალათბურთელის მხოლოდ განაცხადში შეყვანით შემოიფარგლება. არადა, ნეიტ ბიორკგრენისა და ნეიტ მაკმილანის გუნდში ყოფნის დროსაც მთავარი საწუწუნო თემაც სწორედ ხშირი უთამაშებლობა იყო, თუმცა ასე არცერთ მათგანს არ დაუწყია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, „ინდიანამ“ ახალ სეზონში ზედიზედ 2 მარცხის შემდგომ, პირველი გამარჯვება მოიპოვა. ინდიანაპოლისელებმა წინა ორივე მატჩი თითო ქულით დათმეს. მეტიც, „ვიზარდსთან“ გამარჯვებულის გამოსავლენად, დამატებითი ტაიმი გახდა საჭირო.
დღეს, რიკ კარლაილის გუნდი „მაიამი ჰიტს“ შინ დაუპირისპირდა და მეტოქეს 11-ქულით 102:91 აჯობა, თუმცა, შეხვედრის ძირითადი დრო 86:86 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ამჯერადაც ოვერტაიმი დაინიშნა, რომელიც „პეისერსმა“ 16:5 მოიგო და პირველი გამარჯვებაც იზეიმა.
ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „მაიამის“ გამთამაშებელი ტაილერ ჰერო იყო. 21 წლის ამერიკელმა კალათბურთელმა 41:10 წუთში 30 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი მიითვალა. მეორე შედეგი კი ასევე „ჰიტის“ გამთამაშებელს, ჯიმი ბატლერს ჰქონდა, რომელმაც 19 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
გამარჯვებული გუნდიდან კი კრის დუარტე გამოირჩა. მან 19 ქულას, 5 მოხსნა და 1 პასიც წაამატა. მალკომ ბროგდონმა 18 ქულით, 14 მოხსნითა და 4 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა, ასევე შედეგიანი მატჩი ქონდა დომანტას საბონისს - ლიეტუველ ფორვარდს 17 ქულა, 12 მოხსნა და 4 პასი დაუგროვდა.
მთავარმა მწვრთნელმა „ინდიანას“ სასტარტო ხუთეულის გარდა მხოლოდ 5 კალათბურთელი ათამაშა. ტრავმის გამო გუნდს კვლავ 3 მოთამაშე:კარის ლევერტი, კელან მარტინი და თუ ჯეი უორენი აკლდნენ.
ამრიგად, „პეისერსს 1 მოგების წილ 2 მარცხი აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 26 ოქტომბერს, სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსთან“ გამართავს და იმედი დავიტოვოთ, რომ იმ შეხვედრაში პარკეტზე ორივე ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ.
რაც შეეხება NBA-მოქმედ ჩემპიონს, მათ „სან ანტონიო სპურსი“ სტუმრად 10 ქულის სხვაობით 121:111 დაამარცხეს. ორივე გუნდი თითქმის თანაბრად თამაშობდა, რაზეც ორ პერიოდში დაფიქსირებული ანალოგიური შედეგიც მეტყველებს, თუმცა, მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა ბოლო პერიოდი უკეთ ჩაატარა და გამარჯვება მოიპოვა.
„მილუოკის“ ტრავმის გამო 4 მოთამაშე აკლდა, სასტარტო ხუთეულის გარდა კი შესაცვლელად მხოლოდ 7 კალათბურთელი ჰყავდა, მათ შორის კი ერთ-ერთი სანდრო მამუკლაშვილი იყო, რომელმაც 5:49 წუთი ითამაშა და ამ დროში 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
„ბაქსის“ რიგებში საუკეთესო კრის მიდლტონი იყო. 30 წლის ამერიკელმა 35:00 წუთში 28 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. იანის ანტეტოკუმპოს კი 21 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
„სან ანტონიოდან“ დუგ მაკდერმოტი გამოირჩა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ პარკეტზე მყოფი 23 კალათბურთელიდან, ორმაგი დუბლი არცერთს არ ჰქონია.
„მილუოკი ბაქსი“ 3 ტურის შემდგომ 2 მოგებითა და 1 მარცხით აღმოსავლეთ კოფერენციაში მე-5 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას კი გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსთან“ ჩაატარებს. მატჩი 26 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.