„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ლაიფციგი“ 3:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში გამარჯვების გოლი პენალტით ლიონელ მესიმ გაიტანა, ხოლო მატჩის ბოლოს მეორე პენალტის დარტყმის უფლებაც მიიღეს, რომელიც კილიან მბაპემ ვერ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ პირველი პენალტის დარტყმის საშუალება მბაპემ მესის დაუთმო და ამის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„რატომ მივეცი მესის პენალტის დარტმის უფლება? ეს ნორმალურია, ჩვენს შორის პატივისცემაა. ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენთვის მასთან თამაში პატივია. მან დაარტყა და მადლობა გადამიხადა, შემდეგ კი თვითონ დამითმო პენალტი, რომელიც ვერ გავიტანე“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენს“ 3 ტურში 7 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.