კალათბურთი

10:23 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA ორი სუპერმატჩით და მამუკელაშვილის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო (+VIDEO)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2021-2022 წლების სეზონი 2 სუპერმატჩით დაიწყო. პირველი შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“ „ბრუკლინ ნეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა მეტოქეს 23-ქულიანი სხვაობით - 127:104 აჯობა.

„ბაქსის“ სასტარტო ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურებოდა: ალენი, ჰოლიდეი, ლოპეზი, მიდლტონი და ანტენტოკუმპო. მათ უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში ჰქონდათ, რაც ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ. პირველი პერიოდი მაიკ ბუდენჰოლცერის გუნდმა 37:25 მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ „ნეტსმა“ მეორე პერიოდში 5 ქულა გაქვითა, მეტი ვერაფერი გააკეთა (29:34). მეორე ნახევარში „მილუოკი“ ქულებში სხვაობას მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდა. ჯერ 5 ქულით მოიგო (31:26), უკანასკნელი მეოთხედი კი 11-ქულიანი სხვაობით (30:19) დაასრულა.

NBA-ში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა სანდრო მამუკელაშვილს. ქართველი ფორვარდი პარკეტზე მეორე მეოთხედიის მიწურულს გამოჩნდა და 7:02 წუთი ითამაშა, რა დროშიც 1 შედეგიანი გადაცემა და 1 მოხსნა გამოიმუშავა. 22 წლის ფორვარდი მე-6 ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ სანდრო დრაფტზე 54-ე ნომრად დაიმატეს და მისი დატვირთვის იმედი ცოტას თუ ჰქონდა, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც ჩვენებურს სეზონის გახსნით მატჩში ენდნენ. ამის მიზეზი პრესეზონში ნაჩვენები კარგი თამაშებია.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა იანის ანტეტოკუმპომ. 26 წლის ბერძენ ფორვარდს 30:57 წუთში 32 ქულა, 14 მოხსნა, 7 პასი 2 დაფარება და შესაბამისად ორმაგი დუბლი ჰქონდა. მისი +- მაჩვენებელი კი 25-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

დამარცხებულთა რიგებში კი ასევე 32 ქულა ჩააგდო კევინ დურანტმა. თუმცა, თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. 33 წლის ამერიკელს, ასევე 11 მოხსნით, 4 პასითა და 2 დაფარებით ორმაგი დუბლი მოუგროვდა.

დურანტისა და ანტეტოკუმპოს გარდა, 20-ქულიან ზღვარს კიდევ 4 კალათბურთელი: პატრიკ მილსი (21 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), პატ კონაუტონი (20 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი), ჯეიმს ჰარდენი (20 ქულა, 8 მოხსნა, 8 პასი) და კრის მიდლტონი (20 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი) გადასცდნენ.

ამრიგად, „მილუოკი ბაქსმა ზესონი კარგად დაიწყო. მოქმედი ჩემპიონი მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, სტუმრად „მაიამი ჰიტთან“ ჩაატარებს.

რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „გოლდენ სტეიტ უორიორზს“ უმასპინძლა და 7-ქულით 114:121 წააგო. ლებრონ ჯეიმსი საუკეთესო იყო და ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუმცა, მისი და ენტონი დევისის სუპერ თამაში ფრენკ ვოგელის გუნდს გამარჯვებისთვის არ ეყო.

36 წლის ლებრონმა პარკეტზე 36:45 წუთი გაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ასაკშიც ჯერ კიდევ ყველაფერი შეუძლია. მან 24 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარებაც მიითვალა - შესაბამისად ორმაგი დუბლიც გამოიმუშავა. რაც შეეხება ენტონი დევისს, 28 წლის ფორვარდს, 33 ქულასთან ერთად 11 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა.

გამარჯვებულთა რიგებში კი ყველაზე დიდი სამუშაო სტეფ კარმა შეასრულა, რომელმაც 21 ქულით, 10 მოხსნითა და 10 პასით სამმაგი დუბლი გაიფორმა. ჯორდან პულს კი 20 ქულა, 2 მოხსნა და 3 პასი ჰქონდა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა სერბმა ნემანია ბელიცამ (15 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი).

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ლეიკერსის უპირატესობით დაიწყო. ლებრონმა და კამპანიამ პირველი ნახევარი თავიანთი გამარჯვებითაც დაასრულეს - (34:32, 25:21) და დიდ შესვენებაზე 6-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. თუმცა, ბოლო ორ 12-წუთეულში ყველაფერი შეიცვალა. „გოლდენ სტეიტმა“ ჯერ 4 ქულა გაქვითა (26:30), ხოლო ბოლო პერიოდი 9-ქულის სხვაობით მოიგო და სეზონის სტარტზე პირველი გამარჯვებაც მიითვალა.

სტივ კერის გუნდი შემდეგ შეხვედრას 22 ოქტომბერს, ამჯერად „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, ხოლო „ლეიკერსი“ 23 ოქტომბერს „ფინიქს სანსს“ ესტუმრება. დღეიდან კი NBA-ს 75 სეზონი გახსნილია და წინ არაერთი დაუვიწყარი მატჩი გველის. შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს 11 მატჩი გაიმართება, მათ შორის კი გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

0.117273