400 მეტრზე თარჯრბენში ოლიმპიური ჩემპიონი, ნორვეგიელი კარსტენ ვარჰოლმი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა, თავს „დაცარიელებულად“ გრძნობს და ამბობს, რომ სხვა სახეობებშიც აპირებს ძალების მოსინჯვას, რათა თარჯრბენში მოტივაციის შენარჩუნება შეძლოს.
ვარჰოლმმა ტოკიოს თამაშების ფინალში, დისტანცია 45.94 წამში გაირბინა და გახდა პირველი, ვინც ფინიშს 46 წამზე ნაკლებში მიაღწია. მაგრამ ის არიარებს, რომ წარმატებამ ისეთი განცდაც დაუტოვა, რომ თარჯრბენში ყველაფერს მიაღწია, რასაც მიზნად ისახავდა.
„ოლიმპიადისთვის იმდენად მონდომებულად ვემზადებოდი, რომ როცა იმ მიზნებს მივაღწიე, რომლებზეც ვოცნებობდი, ერთდროულად ბედნიერიც ვიყავი და დაცარიელებულიც. ყველაფერი, რაც მოტივაციას მაძლევდა, ერთბაშად დასრულდა. ახლა ისღა დამრჩენია, ამას შევეგუო და ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ მოტივაცია შევინარჩუნო. თარჯრბენში გავაგრძელებ გამოსვლას, მაგრამ სხვაგანაც უნდა ვცადო, რადგან ახალი გამოწვევა მოტივაციის წყარო იქნება“, ამბობს ვარჰოლმი, ვინც ადრე ათჭიდელი იყო.
ნორვეგიელმა უკვე სცადა საკუთარი შესაძლებლობები 400 მეტრზე სპრინტში, შემდეგ სამხტომში და 800 მეტრზეც. ის ამბობს, რომ 400 მეტრზე თარჯრბენი კვლავაც მისი ძირითადი სახეობა იქნება.
„ბოლო ორი-სამი წელი იმაზე ვოცნებობდი, რომ 400 მეტრზე თარჯრბენში მსოფლიო რეკორდი დამემყარებინა. ეს უკვე მიღწეულია და ამიტომ, ახალი მიზნების არჩევა მჭირდება. ახლა 800 მეტრზეც ვფიქრობ. სიჩქარის რეზერვი მაქვს და ეს უპირატესობას მომცემს. ერთხელ 600 მეტრზე ვცადე ბედი, მაგრამ ძალიან სწრაფად დავიღალე და რძემჟავით გავივსე (კუნთების დაღლის გამომწვევი ქიმიური ფაქტორი). მაგრამ განსხვავებული რამეების კეთება არასდროს მაშინებს. მთავარია, ტრავმა არ მივიღო. მე მხოლოდ ამის შიში მაქვს“, - ამბობს 25 წლის ვარჰოლმი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადამდე, ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.