ფეხბურთი

11:30 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ჩვენი წაგება სამყაროს დასასრული არაა, რწმენა უნდა შევინარჩუნოთ"

„მილანის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „პორტუსთან“ (0:1) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, მიუხედავად მორიგი წაგებისა, ჯერ არაფერი დასრულებულა და ბოლომდე უნდა იბრძოლონ.

„ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული სამი თამაშიდან ეს ყველაზე უარესი იყო, მაგრამ როცა კარგად ვითამაშეთ, მაშინაც ქულა ვერ მოვიპოვეთ. უნდა გავიზარდოთ, ბევრი ფეხბურთელი პირველად თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე, უნდა გაზარდონ თავდაჯერება და გამოცდილება მიიღონ, მაგრამ ეს საბაბი არ უნდა იყოს. ჩვენ „მილანი“ ვართ და ჩემპიონთა ლიგაზეც საჭიროა ქულების მოპოვება, არა მხოლოდ სერია A-ში.

უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, სამყაროს დასასრული არ არის იმის გამო, რომ წავაგეთ. შიდა ჩემპიონატში კარგად ვთამაშობთ, ჩემპიონთა ლიგაზე ნაკლებად, მაგრამ აქაც რაღაცებს ვაკეთებთ. საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგოთ, ჯერ არაფერი დასრულებულა. ჩემი კონდიცია? ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებია და ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ „როსონერიმ“ ისტორიაში პირველად წააგო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საწყისი სამივე მატჩი.

0.119888