იტალიის სერია A-ს მერვე ტური ძალზე საინტერესოდ დაიწყო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კალჩო ძალზე სანახაობრივია.
ტურის ერთ-ერთი გამორჩეული დაპირისპირება რომში, „ლაციოსა“ და „ინტერს“ შორის შედგა, სადაც სიმონე ინძაგი დაბრუნდა. იტალიური მედია ვარაუდობდა, რომ „არწივების“ ფანები სიმონეს ობსტრუქციას მოუწყობდნენ, მაგრამ სულაც არა, პირიქით. ტიფოზები ინძაგის ძალზე გულთბილად შეხვდნენ - ტაშით და ბანერით: „არასდროს დაგაგვავიწყდება 22 წელი“. ინძაგიმ თამაშის წინ მათ ამ ჟესტისთვის მადლობაც გადაუხადა.
ბედად, სიმონემ „ინტერის“ თავკაცის რანგში სერია A-ში პირველი თამაში სწორედ ყოფილ გუნდთან წააგო, არადა, „ნერაძური“ სწრაფად დაწინაურდა ივან პერიშიჩის პენალტით და ტაიმი ასე მოიგო კიდეც. აი, შესვენების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და მაურიციო სარის გუნდმა ძალზე გააზრებული ფეხბურთი ითამაშა. ანგარიში ჩირო იმობილემ გაათანაბრა პენალტით, ხოლო შემდეგ ფელიპე ანდერსონმა და სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა „ლაციალეს“ სასარგებლოდ დააფიქსირეს ანგარიში 3:1. სხვათა შორის, ანდერსონის გოლის შემდეგ ფეხბურთელებს შორის ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. საქმე ისაა, რომ მოედნის ცენტრში ფედერიკო დიმარკო დაეცა, ბურთი „ინტერს“ დარჩა და ლაუტარო მარტინესმა თამაში არ გააჩერა, მაგრამ არგენტინელს ბურთი წაართვეს და „ლაციომ“ კონტრშეტევაზე გოლი გაიტანა. იმის გამო, რომ რომაელებმა ბურთი არ გადააგდეს, „ინტერის“ ფეხბურთელებმა ჩხუბი დაუწყეს. თუმცა, აქ გასაკვირი ის არის, რომ თავიდან ბურთი თანაგუნდელის დაშავების გამო თვითონ არ გადააგდეს და შეტევა გააგრძელეს, ხოლო შემდეგ კი მეტოქეს ადანაშაულებდბე ფეირ-პლეის დარღვევაში. ასე იყო თუ ისე, მიუხედავად სერიოზული გაწევ-გამოწევისა, მსაჯს არავინ გაუგდია. ჩხუბი ფეხბურთელებში საფინალო სასტვენის შემდეგაც დაიწყო - მოკლედ, ნერვული თამაში გამოვიდა, რომელიც „ლაციომ“ 3:1 მოიგო და „ინტერმა“ სეზონში პირველი მარცხი განიცადა.
„მილანმა“ „ვერონას“ დიდი დანაკლისის ფონზე უმასპინძლა და თითქოს ქულებიც უნდა დაეკარგა, თამაში ისე დაიწყო, მაგრამ აშკარაა, რომ სტეფანო პიოლის გუნდი სხვა რელსებზეა და საჩემპიონოდაა შემართული. „ვერონამ“ „როსონერის“ საწყის 24 წუთში ორი გოლი გაუტანა და 59-ე წუთამდე ამ უპირატესობას მშვიდად ინარჩუნებდა. თუმცა, მერე ყველაფერი შეიცვალა: ოლივიე ჟირუმ სხვაობა შეამცირა, ფრანკ კესიმ პენალტით გაათანაბრა, ხოლო გიუნტერის ავტოგოლით „მილანმა“ დააქამბექა და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში, რითაც გალიდერდა და მინიმუმ ერთი დღით ლიდერობაში ვერავინ შეეცილება. „როსონერის“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი მატჩში აქვს ქულები დაკარგული, როცა სტუმრად „იუვენტუსს“ დაუზავდა (1:1), სხვა შვიდივე თამაში კი მოიგო და ნანატრი სკუდეტოსკენ თავქუდ მოგლეჯილი მიექანება. თავად განსაჯეთ: მას მერე, რაც გუნდებს მოგებაზე 3 ქულა ენიჭებათ (1994-1995 წლების სეზონიდან) "მილანს" 8 ტურში 22 ქულა პირველად აქვს.
მერვე ტურში დიდი ამბები კიდევ წინ არის. „იუვენტუსი“ „რომას“ უმასპინძლებს და ჟორ მოურინიოს ტურინში ჩასვლა ყოველთვის განსაკუთრებულს გვპირდება.
„მილანი“ – „ვერონა“ 3:2 (0:2)
გოლები: 0:1 კაპრარი (7), 0:1 ბარაკი (24, პენ), 1:2 ჟირუ (59), 2:2 კესი (76, პენ), 3:2 გიუნტერი (78, ა.გ)
„ლაციო“ – „ინტერი“ 3:1 (0:1)
გოლები: 0:1 პერიშიჩი (12, პენ), 1:1 იმობილე (64, პენ), 2:1 ფელიპე ანდერსონი (81), 3:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (90)
„სპეცია“ – „სალერნიტანა“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 სიმი (39), 1:1 სტრელეცი (51), 2:1 კოვალენკო (76)