69 წლის იტალიელმა სპეციალისტმა, კლაუდიო რანიერიმ, ჟურნალისტებს განუმარტა, რატომ დათანხმდა პრემიერლიგური „უოტფორდის“ გაწვრთნას.
„ფეხბურთში რომ არ დავრჩენილიყავი, ძალიან მოვიწყენდი. მიყვარს ფეხბურთო და საერთოდ, ცხოვრება. შესაძლოა, 80 წლამდეც ვიმუშავო. რატომაც არა? ინგლისის ყველაზე ხნიერი მწვრთნელი ვიქნები და ჯოხით ვივლი.
აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ „უოტფორდთან“ ერთად წარმატების მიღწევა მინდა.
ამბიციური ადამიანი ვარ. კლუბის პრეზიდენტიც ამბიციურია. მზად ვარ, მთელი გული და ენერგია ჩავდო საქმეში.
ახლა გავარდნას უნდა გადავურჩეთ. ამისათვის 40 ქულის მოგროვებაა საჭირო. გახსოვთ „ლესტერში“ როგორ იყო? ჯერ 40 ქულა, შემდეგ 41...
ჯერჯერობით მხოლოდ 7 ქულა გვაქვს. კიდევ 33 გვინდა. შემდეგ კი მოვუმატებთ და მომავალ სეზონში სხვა მიზნებს დავისახავთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.
შეგახსენებთ, რომ რანიერიმ „უოტფორდში“ თბილისის „დინამოს“ ყოფილი ფეხბურთელი და მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ჩისკო მუნიოსი შეცვალა.