ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს ბელგიის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა სასჯელი შეუმცირა და ქართველი ფეხბურთელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.
„ანტვერპენთან“ გაძევების გამო თავდაპირველად გიორგი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით და 2 000 ევროთი დააჯარიმეს, მაგრამ „გენტმა“ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რამაც ნაწილობრივ შედეგი გამოიღო.
ამრიგად, ჩაკვეტაძე ერთ მატჩს გამოტოვებს (17 ოქტომბერს, „ეუპენთან“) და შეუმცირდა ფინანსური ჯარიმაც, რაც 1 500 ევროთი განისაზღვრა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე „ანტვერპენთან“ შეხვედრაში გააძევეს და ეს მის კარიერაში პირველი წითელი ბარათია. მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 9 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა.