იტალიის ნაკრების ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ ესპანეთის ნაკრებთან (1:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. კიეზა „სკუადრა აძურას“ რიგებში საუკეთესო იყო და საგოლე პასიც მიითვალა, მაგრამ მისი გუნდის დაუმარცხებელი სერიის შეწყვეტას ხელი ვერ შეუშალა.
ფედერიკო ყურადღება ლეონარდო ბონუჩის გაძევებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსაჯმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.
„ბევრი თამაშისა და მსოფლიო რეკორდის შემდეგ წავაგეთ, აქამდეც ვთქვით, რომ ადრე თუ გვიან, მარცხი მოვიდოდა და ეს ამ საღამოს მოხდა. ესპანეთმა შესანიშნავად ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა. რიცხობრივ უმცირესობაში თამაში რთული იყო, მაგრამ მანამდე გოლი გავუშვით, რომლის თავიდან აცილება შეგვეძლო და საგოლე მომენტები უნდა გამოგვეყენებინა. ეს მარცხი არ გაგვაჩერებს, დღეიდან ყოველთვის მაქსიმუმისთვის ვიბრძოლებთ. ახლა შემდეგ მატჩებზე უნდა ვიფიქრობთ, რომ ტიტულები მომავალში კიდევ მოვიგოთ.
ბონუჩის გაძევება ჩემი აზრით ძალიან მკაცრი სანქცია იყო. საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი რამ არასდროს მინახავს. პირველი ყვითელი ბარათი მისთვის არ უნდა მიეცათ, რადგან მსაჯი არასწორად მოიქცა. გარდა ამისა, კაპიტანი იყო და სრული უფლება ჰქონდა მსაჯისთვის ახსნა-განმარტებები მოეთხოვა. არბიტრმა მას ორი ყვითელი ბარათი ძალიან უბრალოდ უჩვენა“, - თქვა კიეზამ.
შეგახსენებთ, 2018 წლის 10 სექტემბრის შემდეგ „სკუადრა აძურა“ პირველად დამარცხდა. სხვათა შორის, რობერტო მანჩინის მწვრთნელობის პერიოდში იტალიამ ერთ თამაშში მხოლოდ მეორედ გაუშვა ერთ გოლზე მეტი (პირველად 2018 წლის მაისში საფრანგეთთან). ვთქვათ ისიც, რომ იტალიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ოფიციალური თამაში 1999 წლის შემდეგ პირველად წააგო (მაშინ ნეაპოლში დანიასთან 2:3).
ესპანეთის ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია და 10 სექტემბერს მილანში, ბელგიას ან საფრანგეთს შეხვდება, ხოლო იტალია იმავე დღეს მესამე ადგილისთვის მეორე ნახევარფინალურ წყვილში დამარცხებულს შეხვდება.