ჭიდაობა

23:36 | 4.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კენჭაძის ბრინჯაოს მედალი მსოფლიოს ჩემპიონატზე

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საქართველოს ყულაბას მეორე მედალი შემატა.

კენჭაძე ჯერ კიდევ კვირას ნახევარფინალში გავიდა, როდესაც რუმინელი მაქსიმ ვასილიოგლუ 5:2 და ბერძენი გეორგიოს კუგიუმციდისი 9:5 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ირანელ მოჰამად ასგარ ნოხოდილარიმისთან მსაჯის საეჭვო გადაწყვეტილებით 5:6 წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლა მოუწია. მედლისთვის შეხვედრაში ნიკამ სომეხი არმან ავაგიანი იოლად, 10:0 დაამარცხა და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

70 კგ წონით კატეგორიში ზურაბ იაკობიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძლებს. მან ინდოელი სუშილ სუშილი 5:2 და თურქი მუსტაფა კაია 7:2 დაამარცხა, მეოთხედფინალში პოლონელ მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 დამარცხდა, რომელიც თავის მხრივ ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა.

მედლის გარეშე დაასრულა ასპარეზობა ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ), რომელმაც ირანელ მოჰამადშაფი გოლეიჯთან 0:4 წააგო, ირანელი ფინალში ვერ გავიდა და ელიზბარმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების აქტივში ორი მედალია - ნიკა კენჭაძემ ბრინჯაო, გენო პეტრიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.

0.07454