აშშ-ის ღია პირველობის ახალი ჩემპიონი, ბრიტანელი ემა რადუკანუ ინდიან ველსის ტურნირზე უაილდ ქარდით იასპარეზებს. ფლეშინგ მედოუსზე ტრიუმფის შემდეგ, ეს მისთვის პირველი ტურნირი იქნება.
WTA 1000-ის პოპულარულ ტურნირს, მამაკაცთა და ქალთა ბადეებში არაერთი ძლიერი ჩოგბურთელი გამოაკლდა. მასზე არ ითამაშებენ მსოფლიოს პირველი ჩოგნები, ნოვაკ ჯოკოვიჩი და ეშლი ბარტი. კორტზე ახალგაზრდა ვარსკვლავის გამოჩენა კი, ასეთი დანაკარგის ნაწილობრივი ანაზღაურება გახდება.
18 წლის ბრიტანლი არის პირველი ჩოგბურთელი, ვინც აშშ-ის ღიაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავიდა და შემდეგ ტურნერიც მოიგო. თან ფინალში კიდევ ერთი ამომავალი ვარსკვლავი, კანადელი ლეილა ფერნანდესი დაამარცხა.
ინდიან ველსი ATP მასტერსის 1000 და WTA 1000 კატეგორიის ტურნირია და მას ხშირად, დიდი სლემის მეხუთე ტურნირადაც მოიხსენიებენ. მასზე რადუკანუს 1000 სარეიტინგო ქულის აღება შეუძლია, რაც WTA-ს ფინალში (რომელიც მექსიკის გვადალახარაში გაიმართება) მოხვედრის შანსს მისცემს.
ფლეშინგ მედოუსზე თამაშისას, რადუკანუს ერთი სეტიც არ წაუგია. იქ მოპოვებული გამარჯვების წყალობით, რეიტინგში 100-ზე მეტი ადგილით წინ წაიწია და ამჟამად 22-ე ადგილი უკავია. ბრიტანეთის რეიტინგს კი სათავეში მოექცა.