ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულებამდ ჯერ რვა ეტაპია, მაგრამ მაქს ფერსტაპენი უკვე მესამე ძრავს იყენებს, ყოველი მომდევნო ახალი ძრავისთვის კი, რეგლამენტის შესაბამისად, სტარტზე ადგილებს დაკარგავს.
„რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატის ლიდერ ფერსტაპენს აუცილებლად მოუწევს ახალი ძრავის გამოყენება. მაგრამ ჯერ არავინ იცის, ეს როდის მოხდება. ავსტრიული გუნდი ამ ეტაპზე იმას განიხილავს, თუ სად სჯობს ფერსტაპენის მანქანაზე ახალი ძრავის დაყენება.
„სტარტზე ადგილების დაკარგვა გარდაუვალია. ჩვენ სამი-ოთხი რბოლა გვაქვს იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ“, - ამბობს ჰორნერი. გუნდმა ძრავი იმ რბოლისთვის უნდა შეცვალოს, სადაც ტრასის კონფიგურაცია, გასწრების უკეთეს შესაძლებლობებს ქმნის. ეს ფერსტაპენს ჯარიმით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაში დაეხმარება.
ჰორნერი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ფერსტაპენის მანქანაზე ძრავის შეცვლა, სოჭშივე გადაწყდეს.
„ამის რეალური შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ კვალიფიკაციის შემდეგ, რომელ ადგილზე ვიქნებით“, - დასძენს „რედ ბულის“ შეფი.
ფერსტაპენის თანაგუნდელმა სერხიო პერესმა ლიმიტს უკვე ზანდფოორტზე გადააჭარბა, სადაც მის მანქანაზე მეოთხე ძრავი დააყენეს. ჰორნერი იმედოვნებს, რომ მექსიკელს მეხუთე აგრეგატი არ დასჭირდება.