„მერსედესმა“ თავისი სარბოლო ავტომობილის სრულყოფა დროზე ადრე დაასრულა, რითაც მეტოქე „რედ ბულს“ დაწინაურების საშუალება მისცა. მაგრამ 14 ეტაპის შემდეგ, ისინი ორივე ჩათვლაში თითქმის თანაბრად არიან. კონსტრუქტორებში წინ სამქიმიანები არიან, პილოტების ჩემპიონატს კი ხარების მაქს ფერსტაპენი ლიდერობს.
თითქოს „მერსედესს“ მეტოქესთან ბრძოლის საშუალება აღარ ჰქონდა. მაგრამ ერთი ფაქტორი მაინც დარჩენილია და ეს ძალური დანადგარია. გერმანულ გუნდს აქვს იმის საშუალება, რომ ძრავის პოტენციალი სრულად გამოიყენოს. ეს კი ნიშნავს, რომ სიმძლავრე გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს აგრეგატის სამუშაო რესურსს შეამცირებს. მაგრამ პილოტებს ტრასაზე უპირატესობა ექნებათ.
ბრიკსუორტში უკვე დაწყებული აქვთ ტესტები, რა დროსაც ინჟინრები იკვლევენ, რამდენადაა შესაძლებელი სიმძლავრის გაზრდა ისე, რომ გამძლეობა ძლიერ არ გაუარესდეს. პირველ რიგში, აქცენტი ჰიბრიდულ სისტემაზე კეთდება. ტურბინის ეფექტურობის შეცვლა თუ საქმეს ვერ უშველის, გუნდი იმისთვისაც მზად იქნება, რომ აგრეგატის გამძლეობა შეასუსტოს.
„მერსედსში“ ფიქრობენ, რომ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას „რედ ბულიც“ ეცდება. ამას კი „ჰონდას“ ძრავების დაზიანება შეუძლია. შედეგად, ორივე გუნდს, ძრავების ლიმიტის დარღვევა და ამისთვის სტარტზე ადგილების დაკარგვა მოუწევს. ეს კი „მერსედესს“ შანსს მისცემს.
სხვათა შორის, ვალტერი ბოტასმა უკვე გამოიყენა (მონცაზე) მეოთხე ძრავი, ლუის ჰამილტონი კი ჯერაც ლიმიტის ფარგლებში რჩება. „მერსედესში“ იმედოვნებენ, რომ ჩემპიონს ძრავის შეცვლა არ დასჭირდება. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ისინი მზად არიან იმისთვის, რომ ჰამილტონის ძრავის პოტენციალი სრულად აითვისონ და სამუშაო რესურსი გაწირონ.
„რედ ბული“ ფერსტაპენის მანქანაზე მეოთხე ძრავის გამოყენებას სოჭის რბოლაში გეგმავს. გუნდმა უკვე გამოაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას შაბათს მიიღებს. სოჭშივე „მერსედესი“ ძალური დანადგარის სიმძლავრეს გაზრდის და დააკვირდება, ეს რა შედეგეს მისცემს...