რუსული პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩში „რუბინმა“ „ზენიტს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. არბიტრმა, მიხაილ ვოლკოვმა, ორი ყვითელი და ჯამში წითელი ბარათი უჩვენა ყაზანელთა მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის და შემდეგ მის მიმართ კრიტიკული სიტყვებიც არ დაიშურა.
„როცა ევროპული გამოცდილების მწვრთნელი თავისი გუნდის უნიათო თამაშს მსაჯს აბრალებს, სასაცილოა. პირველ ტაიმში ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა თითქოს ინგლისური პრემიერლიგის გუნდი რუსეთის მეორე დივიზიონის წარმომადგენელს ეთამაშებოდა.
თავისი ქმედებით მან ტრიბუნებიც გააღიზიანა და გულშემატკივრებმა მსაჯის გინება დაიწყეს.
გამოცდილ სპეციალისტს ასეთი ქმედება არ ეკადრება.“ - უთხრა ვოლკოვმა ჟურნალისტებს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვოლკოვი სლუცკის აძევებს. შარშან „ლოკომოტივთან“ მატჩისას სლუცკიმ არბიტრს მწარე-მწაეები უთხრა: ამ მსაჯმა ან ფეხბურთის წესები არ იცის, ან მოსყიდულია. ყველა შემთხვევაში სამუდამო დისკვალიფიკაციას იმსახურებსო - თქვა მაშინ სლუცკიმ.
დაახლოებით იგივე გაიმეორა ლეონიდ ვიკტოროვიჩმა „ზენიტთან“ თამაშის შემდეგაც.
ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და 74-ე წუთზე შეცვალეს.