სხვა

23:26 | 18.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

გეტლინმა წააგო და წასვლა გადაიფიქრა

2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 39 წლის ამერიკელი სპრინტერი ჯასტინ გეტლინი, სპორტული კარიერის დასრულებას არ ჩქარობს. შესაძლოა, ეს წარუმატებელი წლევანდელი სეზონის გამოა, რომლის დროსაც, ტოკიოს ოლიმპიური საგზური ვერ მოიპოვა და ტრავმაც მიიღო.

შაბათს მან სეზონის დამამთავრებელ, მსოფლიო მძლეოსნობის კონტინენტური ტურის ნაირობის შეხვედრაში მიიღო მონწილეობა და 100 მეტრზე სპრინტში მესამე ადგილს დასჯერდა. გამარჯვება ამერიკელმა ტრეივონ ბრომელმა მოიპოვა, ვინც ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დრო (9.77), რომელიც აპრილში თავად დააფიქსირა, 0.01 წამით გააუმჯობესა.

მესამე ადგილი, სპრინტის კენიელმა სენსაციამ, ფერდინანდ ომანიალამ დაიკავა, ვინც გამარჯვებულს 0.01 წამით ჩამორჩა და მისი წინა საუკეთესო დრო გაიმეორა.

„ტრავმა ახალი მოშუშებული მაქვს და იმედი მქონდა, რომ აქ მოგებას შევძლებდი. ახლა დავფიქრდები და განვსაზღვრავ, რისი შესაძლებლობა მექნება მომავალ სეზონში“, - ამბობს გეტლინი, ვისაც დოპინგის გამო, ორი დისკვალიფიკაცია აქვს მოხდილი.

ბევრი მძლეოსნისთვის, ნაირობის შეხვედრა, ამ სეზონში ბოლო გამოსვლა იყო. მათ შორისაა ნამიბიელი სპრინტერი კრისტინ მბომა, ვისაც ორგანიზმში ტესტოსტერონის ბუნებრივად მაღალი შემცველობის გამო, შორ დისტანციებზე რბენის უფლება არ აქვს. მანც 400 მეტრიდან, 200 მეტრზე გადაინაცვლა და ტოკიოში ვერცხლის მედალს დაეუფლა. მას შემდეგ კი, შვიდი ტურნირი მოიგო და ნაირობის შეხვედრაც გამარჯვებით დაასრულა.

მან ნელი სტარტი აიღო, მაგრამ 50 მეტრის შემდეგ ტემპი მკვეთრად გაზარდა და უკან მოიტოვა სპილოს ძვლის ნაპირელი მარი ჟოზე. გამარჯვებულმა ფინიში 22.40 წამში გადაკვეთა. შემდეგ კი განაცხადა, რომ მისთვის ახალ დისტანციას ჯერაც სწავლობს და მომავალი სეზონისთვის შედეგების გაუმჯობესებას გეგმავს.

მამაკაცთა შორის 200 მეტრზე სპრინტი ამერიკელმა ფრედ კერლიმ მოიგო (19.76 წამი). მეორე ადგილი ბოტსვანელმა ისააკ მაკვალამ დაიკავა (20.06), ვინც მსოფლიოს მომავალი წლის ჩემპიონატის (იუჯინი, შტატი ორეგონი) საგზურიც მოიპოვა.

0.114395