ფეხბურთი

0:50 | 17.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ლეგიონი ევროთასებზე: კიტეიშვილი "მონაკოსთან" დამარცხდა, 9 თვის მერე კაჭარავა დაბრუნდა

ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგაზე რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, თუმცა, შედეგიანობის გარეშე და არცერთი მათგანი არც გოლით გამორჩეულა და არც საგოლე პასით.

ევროპა ლიგაზე გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი ფრანგულ „მონაკოს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 0:1 წააგეს. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 71-ე წუთზე შეცვალეს. ავსტრიული გუნდი მომდევნო ტურის მატჩს, შინ პსვ ეინდჰოვენთან გამართავს.

კონფერენს ლიგის ჯგუფში ერთად არიან გურამ კაშიას და ჯაბა კანკავას ბრატისლავის „სლოვანი“ და დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“, რომლებიც ერთმანეთს სლოვაკეთში შეხვდნენ. დანიელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და 3:1 მოიგეს. სამივე ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშეს. „კოპენჰაგენი“ მომდევნო ტურში 30 სექტემბერს, გიბრალტარის „ლინკოლს“ უმასპინძლებს, ხოლო „სლოვანი“ სტუმრად სალონიკის პაოკ-ს შეხვდება.

გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა ამავე ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო და ესტონეთში „ფლორა“ 1:0 დაამარცხა. ქართველი ნახევარმცველი თადარიგში დარჩა და თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია. ბელგიური გუნდი მომდევნო ტურში თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ საკუთარ მოედანზე ბელგრადის „პარტიზანთან“ 0:2 წააგო. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და 5 სეივი შეასრულა, მაგრამ ყველა მომენტში თავისი გუნდის გადარჩენა ვერ მოახერხა. მოედანს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ნიკა კაჭარავა, რომელიც 65-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ქართველმა ფორვარდმა გასული წლის დეკემბრის მერე პირველად ითამაშა, როცა „ლეხის“ მაისურით უმძიმესი ტრავმა მიიღო. თემურ ქეცბაიამ ნიკა ნინუა თადარიგში დატოვა, ხოლო კვიპროსელებს, როგორც უკვე ვთქვით, მომდევნო ტურში „გენტთან“ ბელგიაში თამაში მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.127259