„მეც ისევე მტკივა და აღშფოთებული ვარ ამ მარცხით, როგორც თქვენ. რაც ახლა ხდება, ერთ-ერთი სცენარია, რომელსაც განვიხილავდით. გთხოვთ, მოთმინება შეინარჩუნოთ და გუნდის ქომაგობა გააგრძელოთ.
გთხოვთ, ენდოთ ადამიანებს, რომელებიც კლუბს მართავენ. გჯეროდეთ, რომ მალე ყველაფერს გამოვასწორებთ.“ - ეს „ბარსელონას“ პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას სიტყვებია, რომლითაც მან „ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგაზე 0:3 წაგების შემდეგ კლუბის გულშემატკივრებს მიმართა.
ლაპორტა იმასაც შეპირდა ფანებს, რომ მალე დაასრულებს იმ ქაოსს (როგორც სპორტულს, ასევე ფინანსურს) რომელიც მათ წინა მმართველობისგან მემკვიდროებით ერგოთ. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როგორ მოახერხებს ამას.
„ლაპორტას მატჩის შემდეგ, საგანგებო კრება მოუწვევია, რომელიც ღამის 2 საათამდე გაგრძელებულა. უცნობია რაზე ილაპარაკეს, მაგრამ რაღაც რადიკალურს რომ აპირებენ, ეს ცხადია.“ - წერს Daily Mail.
ჟერარ პიკემ კი თქვა: რაცა ვართ, ესა ვართო...
„ცხადია, თანაბრად თამაში გვინდოდა, მაგრამ ხარისხში დიდი სხვაობა იყო. იმავეს ვიტყვი სათადარიგოთა სკამზე. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყვავს დიდი მომავლით, მაგრამ შედეგი ახლაც გვჭირდება.“ - ეს კუმანის სიტყვებია.
ცხადია, ცვლილიბები სწრაფად ვერ მოხდება. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტის აღშფოთება კი გასაგებია. ტურნირის ისტორიაში პირველად „ბარსელონას“ მატჩის განმავლობაში მეტოქის კარში არცერთხელ დაურტყამს...
მართლაც რთული იქნება კლუბის თავიდან გამართვა, მით უმეტეს, ფინანსური კრიზისის ფონზე. კუმანს ჯერჯერობით ენდობიან. ნიდერლანდელმა შარშან დაიწყო მთავარ გუნდში ახალგაზრდების შეყვანა და ეს ტენდენცია ახლაც გრძელდება.
და მთავარი - „ბარსა“ მესის გარეშე თამაშს უნდა შეეჩვიოს. ხუმრობა ხომ არ არის, ასეთი რამ უკვე 16 წელიწადია აღარ ყოფილა.
„ბაიერნის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ კი Bild-ს უთხრა: „ვუცქერდით „ბარსელონას“ და ვფიქრობდით როგორი ტაქტიკით ითამაშებდა. მესის წასვლის შემდეგ მათ თითქოს სული ამოართვესო.
რთული დღეები დაუდგათ. თუმცა, მისი გაშვება აუცილებელი იყო. ეს გუნდის პროგრესს სჭირდებოდა. ეგ არის, ამ გადაწყვეტილებით ესპანურმა ლიგამ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
ახლა უკვე სიამოვნებით ვნახავდი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირებას, იქით ნეიმარი და მესი, აქეთ - მიულერი და ლევანდოვსკი - ძალიან დამაინტრიგებელი აფიშაა.“
და „ბარსა“ ?