ფეხბურთი

20:05 | 11.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუს საოცნებო დაბრუნება "ოცნებათა თეატრში"

„მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება იდეალური, ფანტასტიკური და საოცნებო გამოვიდა! პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „ოლდ ტრაფორდზე“ „ნიუკასლ იუნაიტედთან“ დუბლი შეასრულა.

ოლე გუნარ სულშერმა რონალდუ პირველივე მატჩში ძირითადში გაამწესა და არც შემცდარა. კრიშტიანუმ 45-ე წუთზე გახსნა ანგარიში, როცა მეკარის უხეიროდ მოგერიებულ ბურთს ცარიელ კარში დაამატა. მან პრემიერლიგაში გოლი 12 წლისა და 124 დღის შემდეგ გაიტანა (2009 წლის მაისში „მანჩესტერ სიტის“ გაუტანა) და ამაზე ხანგრძლივი პაუზა გოლებს შორის პრემიერლიგაში მხოლოდ მეტ ჯექსონს ჰქონდა - 13 წელი და 187 დღე (1993-2006 წლებში).

რონალდუმ 62-ე წუთზე მეორედ დალაშქრა „კაჭკაჭთა“ კარი. ამჯერად ლუკ შოუსგან მიღებული პასის შემდეგ ბურთი საჯარიმოში შეიგდო და მეკარეს შანსი არ დაუტოვა, რითაც თავისი გუნდი მეორედ დააწინაურა, რადგან მანამდე „ნიუკასლს“ ანგარიში გათანაბრებული ჰქონდა. დარჩენილ დროში სულშერის გუნდის რიგებიდან თავი ბრუნო ფერნანდეშმა და ჯესი ლინგარდმა გამოიჩეს და „იუნაიტედმა“ 4:1 მოიგო.

კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერის“ რიგით მესამე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა რაიან გიგზისა და პოლ სქოულზის შემდეგ, რომელმაც პრემიერლიგაში გოლი გაიტანა და 2010 წლის შემდეგ ყველაზე ასაკოვანია, რომელმაც იმავე პრემიერლიგაში დუბლი შეასრულა, 36 წლისა და 218 დღის ასაკში. 2010 წლის აპრილში გრეჰემ ალექსანდერმა „ბარნლის“ რიგებში შეასრულა დუბლი, 38 წლისა და 182 დღის ასაკში.

ამრიგად, რონალდუს დაბრუნება „ოცნებათა თეატრში“ მართლაც საოცნებო გამოდგა და ძნელი სათქმელია, ვინ მოახერხებს გენიალური ფეხბურთელის შეჩერებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.152086