სხვა

11:06 | 10.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

თომპსონ-ერამ სეზონი ბრილიანტის ლიგაში გამარჯვებით დაასრულა

იამაიკელმა სპრინტერმა ელეინ თომპსონ-ერამ, მძლეოსნური სეზონი ბრილიანტის ლიგაში ტრიუმფით დაასრულა. ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 და 200 მეტრზე სპრინტში ოქროს მედლების მოპოვების შემდეგ, მან ბრილიანტის ლიგაზეც, 100 მეტრზე სპრინტში გაიმარჯვა.

თომპსონ-ერასთვის ეს სეზონი იმითაც იყო გამორჩეული, რომ 100 მეტრზე სპრინტში, ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ-ჯოინერის რეკორდამდე, რომელიც უკვე 33 წელია ხელუხლებელია, 0.05 წამი დააკლდა.

ბრილიანტის ლიგის სეზონი ციურიხში დასრულდა და მასზე იამაიკელმა 10.65 წამში გარბენით გაიმარჯვა. მან უკან მოიტოვა ბრიტანელი დინა აშერ-სმიტი.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს კოლექციას ბრილიანტის ლიგის ჯილდო შეემატა. ძალიან გრძელი სეზონი იყო და იმითაც კმაყოფილი ვარ, რომ ფინიშის ხაზი ჯანმრთელმა გადავკვეთე“, - განაცხადა თომპსონ-ერამ.

მამაკაცთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, ამერიკელმა ფრედ კერლიმ გაიმარჯვა. ასი მეტრი მან 9.87 წამში გაირბინა და ბრილიანტის ლიგის ჩემპიონი გახდა. მეორე ადგილი კანადელმა ანდრე დე გრასემ (9.89) დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადის შემდეგ ერთხელაც არ უასპარეზია ოლიმპიურ ჩემპიონს, იტალიელ ლამონტ მარსელ ჯეკობსს, ვინც სეზონი ოლიმპიადის შემდეგ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.148157