ფეხბურთი

18:56 | 9.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვენგერი: "მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელში ჩატარება ხარისხს აწევს, ეს კარგი პროექტია"

ფიფას მსოფლიო ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ სანაკრებო ფანჯრისთვის წელიწადში ერთი თვე უნდა გამოიყოს და დღევანდელი კალენდარი ყველასთვის ხელსაყრელი არაა.

ვენგერი ფიქრობს, რომ ყოველ თვეში სანაკრებო პაუზები ფეხბურთელების გადაღლას იწვევს. გარდა ამისა, ფრანგი ისევ აქტიურად საუბრობს მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ ორ წელიწადში ჩატარებაზე და როგორც ჩანს, ფიფას წევრი ქვეყნების უმეტესობა ამ პროექტის მხარდამჭერია.

„მოქმედი კალენდარი არამდგრადია. სექტემბერში პირველი პაუზაა, ოქტომბერში მეორე, ნოემბერში მესამე და მარტში მეოთხე ფანჯარა. ივნისში ბოლო ფანჯარა, ხოლო ივლისში ახალი სეზონი იწყება. ეს ყველაფერი ძალიან ბევრია. უნდა ვისაუბროთ საკვალიფიკაციო ეტაპების ფაზების დაყოფაზე, რათა თავიდან ავიცილოთ მუდმივი მოგზაურობა და გადაადგილება. აგვისტო და სექტემბერი იქნება საკლუბო ფეხბურთისთვის, ნოემბერი ნაკრებების შესარჩევი ტურნირებისთვის და ნოემბრიდან სეზონის ბოლომდე დრო ისევ საკლუბო ფეხბურთს დაეთმობა.

ყველაფერი უნდა იყოს რეორგანიზებული. სარგებელი იქნება ყველასთვის, მათ შორის კლუბებისთვის, არანაირი შეფერხება არ იქნება. ჩვენ გვინდა საერთაშორისო ფეხბურთის კალენდრის რეორგანიზაცია. 166 ქვეყანამ მოითხოვა მსოფლიოს ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება. ვნახოთ, შესაძლებელი იქნება თუ არა ამის გაკეთება. ჩვენთან დემოკრატიაა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გეგმა სწორია. ჩვენი მისიაა, გავაუმჯობესოთ ტურნირების ხარისხი საერთაშორისო დონეზე. ძალიან ბევრი თამაში? ჩვენი პროექტი უმაღლესი ხარისხის იქნება, მაგრამ რაოდენობრივად მეტი არა. თამაშების რაოდენობა მეტ-ნაკლებად იგივე რაოდენობით დარჩება“, - თქვა ვენგერმა.

არსენ ვენგერი ამ თემებზე ფიფას სამიტზე ვეტერან ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან შეხვედრაზე იმსჯელებს.

0.115637