კანადელი თინეიჯერი ლეილა ფერნანდესი აშშ-ის ღია პირველობაზე ტრიუმფალურ გამოსვლას აგრძელებს. მეოთხედფინალში მან დაძაბულ ბრძოლაში, 6-3, 3-6, 7-6(5) მოუგო მეხუთე ნომრად განთესილ უკრაინელ ელინა სვიტოლინას და პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში.
რეიტინგში 73-ე ადგილზე მყოფმა ფერნანდესმა, ვისაც ორშაბათს 19 წელი უსრულდება, ტურნირი მესამე წრეში დაატოვებინა იაპონელ ნაომი ოსაკას (დიდი სლემის ოთხი ტიტული აქვს მოგებული) და დიდი სლემის სამი ტიტულის მფლობელ გერმანელ ანგელიკ კერბერს (მეოთხე წრეში).
სვიტოლინა ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია მათ შორის, ვისაც დიდი სლემის ტურნირი ჯერ არ მოუგია. მას შანსი ჰქონდა, რომ მეორედ გასულიყო აშშ-ის ღიას ნახევარფინალში (პირველად იქ 2019 წელს ითამაშა). მაგრამ ფერნანდესმა ტაიბრეიკზე უკეთ ითამაშა, რაშიც მაყურებლის გამხნვებამაც შეუწყო ხელი.
„შემიძლია გითხრათ, რომ ბევრი დაგიკარგავთ, თუ აშშ-ის ღიას საუკეთესო მოთამაშის, 19 წლის ლეილა ფერნანდესის თამაში არ გინახავთ. ის ნამდვილი ცეცხლია. ის მსოფლიოს ხიბლავს“, - ტვიტერზე დაწერა ნბა-ს გრანდმა მეჯიკ ჯონსონმა.
სვიტოლინა ამ შეხვედრამდე, ზედიზედ ცხრა მოგებით მივიდა. და მას მეოთხედფინალამდე სეტიც არ ჰქონდა წაგებული. მაგრამ ფერნანდესმა ორივე სერია დაუმთავრა. კანადელმა ცაციამ შეხვედრის დასაწყისშივე შეძლო უპირატესობის მოპოვება. მან 26 წლის მეტოქეს, პირველ სეტში ერთი ბრეიკ პოინტის საშუალებაც კი არ მისცა.
უკრაინელმა მეორე სეტში უფრო აგრესიულად დაიწყო თამაში. და ამან შედეგიც მოუტანა - ფერნანდესის ორი სერვის-გეიმი მოიგო და 5-1 დაწინაურდა. თუმცა სეტებში ანგარიშის გასათანაბრებლად, სვიტოლინას გარჯა მაინც დასჭირდა. კანადელმა ერთი საპასუხო ბრეიკი აიღო და მეორის შანსიც ჰქონდა, მაგრამ სვიტოლინამ ეისით საწადელს მაინც მიღწია.
გადამწყვეტი სეტის მეექვსე გეიმში, ფერნანდესმა შეძლო მეტოქის მოწოდებაზე გეიმის მოგება და 4-2 დაწინაურდა. 5-3-ზე კანადელი აწოდებდა და შეხვედრის დასრულების რეალური შანსი ჰქონდა. მაგრამ სვიტოლინამ თავისი ბრძლისუნარიანობა გამოავლინა და ჯერ საპასუხო ბრეიკი აიღო, შემდეგ თავის მოწოდებაზე მოიგო გეიმი და შეხვედრა ტაიბრეიკამდე მიიყვანა. იქ კი ფერნანდესი უფრო სტაბილური და ზუსტი აღმოჩნდა.