ნაომი ოსაკამ აშშ-ის ღია პირველობის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო. მესამე წრეში ის კანადელ ლეილა ფერნანდესთან 5-7, 7-6(2), 6-4 დამარცხდა. წაგების შემდეგ, თვაცრემლიანმა იაპონელმა განაცხადა, რომ გარკვეული დროით დასვენებას აპირებს.
„ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უნდა დავფიქრდე, რისი გაკეთება მსურს. ახლა იმის თქმაც არ შემიძლია, თუ როდის ვითამაშებ მომდევნო საჩოგბურთო შეხვედრას. ვფიქრობ, გარკვეული დროით პაუზა მჭირდება“, - განაცხადა ოსაკამ.
მას შემდეგ, რაც საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაში, დეპრესიის გამო შეწყვიტა, აშშ-ის ღია მისი პირველი ტურნირია WTA-ს ტურზე. შუალედში მან ტოკიოს ოლიმპიადაზე ითამაშა.
ფერნანდესთან შეხვედრის მეორე სეტის ტაიბრეიკზე, ოსაკას ნერვებმა უმტყუნა და ამას მისი ჩოგანი შეეწირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ფერნანდესმა ზედზედ ხუთი გათამაშება მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
ამაზე ოსაკა არავის გაუფრთხილებია. უფრო მეტიც, მან სეტებს შორის კორტი დატოვა, რაც მოგვიანებით იმით ახსნა, რომ ემოციების მოთოკვა სჭირდებოდა.
„ძალიან ვწუხვარ ამის გამო. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ უნდა დავმშვიდებულიყავი. მაგრამ როგორც ჩანს, დუღილის წერტილს გავცდი. საერთოდ, გამოწვევები მიყვარს. მაგრამ ბოლო დროს, როცა საქმე ისე ვერ მიდის, ვღელავ და ამას ვერ ვჯობნი. არ ვიცი, ასე რატომ ხდება“, - განაცხადა ოსაკამ.
იაპონელის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც 18 წლის მეტოქემ მესამე სეტი ბრეიკით დაიწყო. მეორე გეიმში, ოსაკამ ბურტი ტრიბუნისკენ დაარტყა, რაზეც მსაჯისგან გაფრთხილება მიიღო. მეცხრე სეტში, ოსაკამ მანამ შეასრულა მოწოდება, სანამ მაყურებელი გაჩუმდებოდა. საბოლოოდ, მან მესამე სეტში ერთი ბრეიკ პოინტიც კი ვერ მიიღო.
ფერნანდესმა, ვისაც 19 წელი რამდენიმე დღეში შეუსრულდება, დიდი სლემის ტურნირის მეოთხე წრეში თამაშის უფლება პირველად მოიპოვა. სამ სეტში მან 28 ქულა მოიპოვა, ექვსჯერ ეისი მოაწოდა და თავისი პირველი მოწოდების 75 პროცენტზე მეტი მოიგო.
ფერნანდესის მომდევნო მეტოქე, გერმანელი ანგელიკ კერბერია, ვისაც აშშ-ის ღია 2016 წელს აქვს მოგებული.