დღეს ვუელტაზე კიდევ ერთი, ყველაზე რთული სამთო ეტაპი იყო, რომელზეც მონწილეებს, ორი პირველი კატეგორიის, ერთი მეორე კატეგორიის და ერთიც ცხენის (უმაღლესი) კატეგორიის აღმართი იყო გასავლელი. ისევე როგორც წინა ეტაპზე, ამჯერადაც ფინიში ცხენის კატეგორიის აღმართზე იყო განლაგებული.
გამარჯვება კოლუმბიელმა მიგელ ანხელ ლოპესმა (მოვისტარი) მოიპოვა, ვინც ყველაზე რთულ მონაკვეთზე შეძლო დაწინაურება და ფინიშსაც მარტომ მიღწია. მას 14 წამით ჩამორჩა წინა დღის გმირი და მიმდინარე რბოლის ლიდერი პრიმოჟ როგლიჩი (სლოვენია, ჯუმბო-ვისმა), ვინც ლიდერობაც იოლად შეინარჩუნა და ზედიზედ მესამე გამარჯვებისკენაც დიდი ნაბიჯი გადადგა.
როგლიჩს ფინიშთან ექვსი წამით ჩამორჩა ლოპესის ესპანელი თანაგუნდელი ენრიკ მასი, ვისაც საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი უკავია და სლოვენიელს უკვე 2 წუთით და 30 წამით ჩამორჩება. მასთან 23 წამს აგებს მესამეზე მყოფი ლოპესი.
„ყველაფერი ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გინდა. ჩვენ ამ ვუელტაზე ვცადეთ და ნაყოფსაც ვიმკით. ამ შესანიშნავ რბოლაზე კიდევ ერთი ეტაპის მოგება ძალიან მინდოდა. ჩვენი მიზანი ისაა, რომ მეც და ენრიკმაც ბოლოს კვარცხლბეკზე ასვლა შევძლოთ. სამწუხაროდ, რბოლისას რამდენიმე თანაგუნდელი გამოგვაკლდა. მაგრამ მათ გარეშე ვცდილობთ მიზნის მიღწევას“, - განაცხადა ლოპესმა, ვინც ვუელტას ეტაპი, კარიერაში მესამედ, მიმდინარე რბოლაში კი პირველად მოიგო.
162.6-კილომეტრიანი რბოლის განმავლობაში, არაერთი შეტევა განხორციელდა. ყველაზე წარმატებული ავსტრალიელი მაიკლ სტორერი (DSM) გამოდგა, ვინც გზად მთის საუკეთესო ველომრბოლის კოპლებიანი მაისურიც მოიპოვა და ცხენის კატეგორიის გამონიტეირუსაც პირველი მიადგა. ეტაპის გამარჯვებული სწორედ ამ მთას (რომელიც ვუელტას მარშრუტში პირველად შევიდა) უნდა გაერკვია და ასეც მოხდა.
სტორერს ფინიშამდე შვიდი კილომეტრით ადრე, ესპანელი დავიდ დე ლა კრუსი (UAE ტიმ ემირატსი) დაეწია. მთის მისასვლელთან მრბოლებს წვიმა და ნისლი შეეგება, რამაც აღმართზე რბოლა კიდევ უფრო გაართულა. მერე კი ესპანელს ლოპესი დაეწია, ვისაც თავისი ჯგუფი უკვე უკან ჰყავდა მოტოვებული...