სხვა

22:54 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩმა სამთო მე-17 ეტაპი მოიგო და ლიდერობაც დაიბრუნა

ვუელტა ესპანიას მოქმედმა ჩემპიონმა, სლოვენიელმა პრიმოჟ როგლიჩმა ურთულესი, მე-17 ეტაპი ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა და ლიდერის წითელი მაისურიც დაიბრუნა. როგლიჩმა ფინიშამდე 60 კილომეტრით ადრე დაიწყო შეტევა და მისი გაყოლა მხოლოდ კოლუმბიელმა ეგან ბერნალმა შეძლო.

მაგრამ ბოლო 7.5 კილომეტრზე, როცა უმაღლესი კატეგორიის აღმართი იყო გასავლელი, ტურ დე ფრანსის ყოფილი ჩემპიონი ბერნალი (ინეოს გრენადერსი) ჩამორჩა. როგლიჩმა (ჯუმბო-ვისმა) კი ტემპი არ დააგდო და ფინიშსაც მარტომ მიაღწია. მეორეზე მისი ამერიკელი თანაგუნდელი ზეპ კუსი გავიდა, ვინც გამარჯვებულს წუთით და 35 წამით ჩამორჩა.

ბერნალი კი პელოტონმა დაიჭირა და ის საბოლოოდ, მეშვიდე ადგილს დასჯერდა. ნორვეგიელი ოდ კრისტიან ეიკინგი (ინტერმარკე), ვინც რამდენიმე დღე გაატარა ლიდერის რანგში, რბოლისას დაეცა და საბოლოოდ, როგლიჩთან 9 წუთზე მეტი წააგო.

„შესანიშნავი დღე იყო. სანამ პრიმოჟი ბერნალთან ერთად აჩქარდებოდა, ისედაც მაღალი სიჩქარე გვქონდა. მან ძალიან გაბედული სვლა გააკეთა. მას ეს სურდა. უნდოდა, რომ დღეს რაღაც შეეცვალა. და მან ეს შეძლო. ხვალაც ურთულესი რბოლა გვაქვს და მასზე ბევრი რამ შეიძლევა მოხდეს. დღევანდელი რბოლის შემდეგ, ყველა დაღლილი იქნება“, - განაცხადა კუსმა.

დღევანდელ რბოლაში, რომლის დისტანცია 186 კილომეტრი იყო, მრბოლებს ოთხი აღმართის გავლამ მოუწია. პირველი აღმართი შედარებით მსუბუქი, მესამე კატეგორიის იყო. მასზე რვაკაციანი ჯგუფი დაწინაურდა, რომელთა შორის, ლიდერი არ იმყოფებოდა. პირველი კატეგორიის პირველ მთაზეც არაფერი შეცვლილა. მეორეზე კი ბერნალმა როგლიჩთან ერთად შეუტია და მათ პელოტონი ჩამოიტოვეს.

თუმცა კოლუმბიელს ცხენის (უმაღლესი) კატეგორიის აღმართის (ლაგოს დე კოდავონგა) დასაწყისშივე, ძალა გამოლეული ჰქონდა, როცა როგლიჩმა კიდევ ერთი შეტევა განხორციელა. ამ აღმართის ზოგ მონაკვეთზე, დახრა 16 პროცენტსაც კი აღწევდა, მაგრამ როგლიჩისთვის ამას ხელი აე შეუშლია.

ხუთშაბათს ველომარათონის მონაწილეებს კიდევ ერთი მძიმე რბოლა ელით ასტურიის მთებში. მე-18 ეტაპიც უმაღლესი კატეგორიის აღმართით (ალტო დ’ელ გამონიტეირუ) დამთავრდება.

0.170376