ფეხბურთი

21:38 | 1.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიამ" მამარდაშვილი განაცხადში არ შეიყვანა, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა

ესპანურმა „ვალენსიამ“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ლა ლიგის 2021-2022 წლების სეზონის პირველი გუნდის 25-კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც გიორგი მამარდაშვილი ვერ მოხვდა.

ლა ლიგა კლუბებისგან ითხოვს, რომ განაცხადში 25 მოთამაშე შეიყვანონ, რომლებიც შესაბამისად იქნებიან დანომრილნი. მამარდაშვილი „ღამურების“ რიგებში 28-ე ნომერია, შედეგად მთავარი გუნდის განაცხადში არ წერია და ისევ „მესტალიაშია“ („ვალენსიას“ მეორე გუნდი) რეგისტრირებული.

უნდა ითქვას, რომ ეს გიორგისთვის საგანგაშო არ არის და პირველი გუნდის 25-კაციანი განაცხადი სრული ფორმალობაა. ხოსე ბორდალასს ნებისმიერ მატჩში სურვილისამებრ შეუძლია ქართველ მეკარეზე დაყრდნობა, ზუსტად ისე, როგორც წინა სამ ტურში დაეყრდნო. ცხადია, თავისთავად ის ფაქტი, რომ ჯერ პირველი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა, შეიძლება საწყენია, მაგრამ სათამაშო პრაქტიკის თვალსაზრისით, ეს მას პრობლემას ვერ შეუქმნის.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის საწყის სამ ტურში შეუცვლელად ითამაშა, ერთადერთი გოლი გაუშვა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა. აქვე გეტყვით, რომ "ლოს ჩეს" 25-კაციან განაცხადში ხაუმე დომენეკი, იასპერ სილესენი და კრისტიან რივერო არიან.

0.133077